გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის პროექტის „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“ ფარგლებში, სამხრეთ კორეულ კომპანიასთან „Yooshin Engineering Corporation“, საირიგაციო სისტემების პროექტირების მიმართულებით, ორი საერთაშორისო ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულებებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ და „Yooshin Engineering Corporation“-ს ვიცე-პრეზიდენტმა კიმ ჩონ ჰუანმა მოაწერეს ხელი.
თენგიზ ნასარიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 27 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის გაუმჯობესდება წყალმომარაგება და მოწესრიგდება სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.
„ვფიქრობ, დაახლოებით 5-6 წელიწადში, ჩვენი ქვეყნის საირიგაციო სისტემა თვისობრივად სხვა დონეზე ავა. ჩვენ მივიღებთ მოდერნიზებულ, წყალდამზოგ და კლიმატგონივრულ სისტემებს, რაც წარმატებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
ხელშეკრულებები ტაშისკარის, ტირიფონის ზედა არხის, ზემო ალაზნის საირიგაციო სისტემების, შავღელეს მასივის სადრენაჟე სისტემის და ნარეკავის წყალსაცავის დეტალურ საინჟინრო პროექტის/დიზაინის მომზადებასა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას მოიცავს. ორივე ხელშეკრულების საერთო ღირებულება 11 936 845 აშშ დოლარს შეადგენს.
„Yooshin Engineering Corporation“ მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს, ის 1966 წლიდან მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოპერირებს. კომპანიას განსაკუთრებით დიდი გამოცდილება წყალსაცავების და საირიგაციო სისტემების პროექტირებაში აქვს.