საქართველოში სამთო ტურიზმის სპეციალისტებს ფრანგები მოამზადებენ. საფრანგეთის თხილამურებისა და ალპინიზმის ნაციონალური სკოლის (ENSA) დირექტორატთან და სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციასთან (IFMGA) ამის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.
როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ENSA საქართველოში მონაწილეობას მიიღებს სამთო ტურიზმის სპეციალისტების მომზადებაში. პარალელურად, მუშაობა დაიწყება ინსტიტუციური განვითარების და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიმართულებითაც.
პროფესიულ განათლებაში სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობა სამთო გამყოლების, სათხილამურო ტრასების უსაფრთხოების სპეციალისტების, ტრენერებისა და სამთო მაშველების მომზადებას გულისხმობს. სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერთა სკოლის კონსორციუმის შეხვედრზე მხარეებმა საქართველოში ENSA-ს მოდელის დანერგვის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საქართველოს ტურიზმის ლიდერთა სკოლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების სამინისტროებისა და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში ინიცირებული პროფესიული კოლეჯია.