LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სესხი 1.85 მილიონამდე მოქალაქეს აქვს – 350 ათასამდე მსესხებლი ე.წ. შავ სიაშია / ”ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

7
@fortuna106.9 (7)

„კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემებით, საქართველოში სესხი 1.85 მილიონამდე მოქალაქეს აქვს – მთლიანი მოსახლეობის ფაქტობრივად ნახევარს. წლის დასაწყისთან შედარებით, მსესხებლების რაოდენობა თითქმის 55 ათასითაა გაზრდილი. „კრედიტინფოს“ მონაცემებით, მსესხებელთა 87% ბანკს მიმართავს. ჯამური საკრედიტო პორტფელი, რომელიც მოიცავს, როგორც ბანკებს, ასევ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სხვა გამსესხებლებს, 30 მილიარდი ლარია. აქტიური მსესხებლების 12%-ს მიმდინარე ვადაგადაცილება აქვს. წლის დასაწყისთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა 30 დღემდე ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა. 

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში უფრო მაღალია და საშუალოდ მათ მიერ გაცემული სესხების 14% უმოქმედოა. მაშინ, როდესაც საბანკო სექტორში აღნიშნული მაჩვენებელი 4.4%-ია.

  • საქართველოში სესხით სარგებლობს 1.85 მლნ-მდე ადამიანი და ჯამში 30.4 მლრდ-ის აქტიური სესხია გაცემული, რომელიც იანვართან შედარებით 2.9 მილიარდით არის გაზრდილი.
  • წლის დასაწყისიდან დღემდე მსესხებლების რაოდენობა გაზრდილია 3.1%-ით, რაც 54,832 ადამიანს წარმოადგენს, ხოლო აქტიური კონტრაქტების ჯამური საკრედიტო ვალდებულება გაზრდილია 10.6%-ით
  • მსესხებლების 87% ბანკს მიმართავს და ეს წილი მიმდინარე წელს შემცირებულია.
  • საშუალო სესხი ბანკში 17,240 ლარია და მსო-ში ₾3,500.
  • ჯამური პორტფელის ვადაგადაცილების მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა და 5.3%-ს შეადგენს, ხოლო აქტიური მსესხებლების 12%-ს. წლის დასაწყისთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მოკლევადიანი (30 დღეზე მეტი) ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა (89%-ით) და 2021 წლის ნოემბრისთვის ჯამური პორტფელის 0.44% შეადგინა.
  • ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მსო-ებში უფრო მაღალია და საშუალოდ მათ მიერ გაცემული სესხების 14% ვადაგადაცილებულია. მაშინ, როდესაც საბანკო სექტორში აღნიშნული მაჩვენებელი 4.4%-ია.

რამდენ ადამიანზეა ნეგატიური ჩანაწერი „კრედიტინფოს“ ბაზაში და ემუქრება თუ არა საკრედიტო პორტფელს მნიშვნელოვანი საფრთხე? – ამ თემაზე „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე გომიაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში – „ბიზნესკურიერი“ ისაუბრა.

– პირველი კითხვა ტენდენციებთან დაკავშირებით – როგორი სურათია? პრინციპში, უკვე მეორე წელია, რაც პანდემიაა, მსესხებლებს ნაწილს რაღაც პერიოდში სესხები გადაუვადდათ იმისთვის, რომ საკრედიტო ისტორია არ გაჰფუჭებოდათ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი გრძელდება და მათ შორის, მსხვილ სეგმენტშიც პრობლემებია… თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი სურათი ჩანს და „ტრენდი“ როგორია?

– რაც შეეხება „ტრენდს“, ჩვენი „ბრენდის“ ანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით უკეთესობის ნიშნები მაინც შეინიშნება. სხვადასხვა მონაცემების აღება შეიძლება – ერთი მონაცემი არის ასეთი, რომ სესხის აღებიდან 3 თვის განმავლობაში, მსესხებლის რამდენ პროცენტს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება.

თუ პანდემიის დაწყებამდე, 2 წლის წინ, 2019 წელს, ეს მაჩვენებელ მხოლოდ 2.8% იყო, 2020 წელს 8.5%-ამდე ავიდა, ახლა ცოტა დაბლაა ჩამოსული და 5.3%-ია. ანუ, აშკარად ჩანს, რომ ამ მიმართულებით უკეთესობაა. გარდა ამისა, კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, სესხის აღებიდან 90 დღეში, მსესხებლების რამდენ პროცენტს აქვს ვადაგადაცილება.

2019 წელს 6.7% იყო, 2020 წელს კი, სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი 20.9%-მდე გაიზარდა, ახლა 8%-მდეა დასული. აქ, რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, რომ სესხების რეფინანსირება და რესტრუქტურიზაცია, ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა, ესეც გარკვეულწილად, სრული სურათის ნახვის შესაძლებლობა არ გვაძლევს, ამ მომენტისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რამდენი სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდა, თუმცა, მაინც აშკარად ჩანს, რომ ასეთი სესხები რაოდენობა, ორნახევარჯერაა შემცირებული.

– ტენდენცია პოზიტიურია და მოლოდინიცაა, რომ რაც უფრო დასტაბილურდება ვითარება, მით უფრო ნაკლები ადამიანი იქნება ასეთ ვადაგადაცილებაში… ნეგატიური ჩანაწერი თუ შეგვიძლია ვთქვათ? არამხოლოდ მიმდინარე, არამედ ძველ და აწმყო დროშიც რომ ნეგატიური ჩანაწერია, ვგულისხმობ, ე.წ შავ სიას რასაც ეძახიან, რომელიც რეალურად არასწორი ტერმინია. რამდენი ჩვენი მოქალაქეა ამ სიაში თუ შეიძლება ითქვას? 12% აქტიური მსესხებლების რაოდენობაა, რომელიც ვადაგადაცილებაშია, თუმცა მთლიანობაში თუ შეგვიძლია ვთქვათ, რამდენია ასეთი ადამიანი მილიონ 800 ათასი მსესხებლიდან მთლიანად სექტორში?

– სამწუხაროდ, თვითონ რამდენია პირია ვადაგადაცილებაში ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით, თუმცა შემიძლია გითხრათ, თუ რა რაოდენობის სესხზეა საუბარი, რომელიც ვადაგადაცილებაშია. ახლანდელი მონაცემებით, აქტიური სესხებიდან, რომელიც მონაცემთა ბაზაშია მოცემული, სულ 4 მილიონ 600 ათასი სესხია. მიმდინარე ვადაგადაცილება 769 ათას 417 სესხს.

– ანუ, თითქმის 770 ათასი სესხი. ეს შეიძლება იყოს, რომ ერთ ადამიანს ორი პრობლემური სესხი ჰქონდეს…

– შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანობაში ეს ორზე უნდა გაიყოს და დაახლოებით, 330-350 ათასი მსესხებლის შესახებაა ინფორმაცია, შესაძლოა ცოტა ნაკლებისაც.

– საინტერესოა ამ კუთხით არსებული ტენდენციაც – ამ ადამიანების რაოდენობა იზრდება თუ მცირდება?

– აქაც იყო ტენდენცია და თუ ვთქვათ, 2019 წელს ასეთი 617 ათასი იყო, 2020 წელს 740 ათასზე ავიდა, იყო მკვეთრი ზრდა. ახლა კი, 769 ათასია, ანუ, შარშანდელთან შედარებით 29 ათასითაა გაზრდილი, რაც მკვეთრი ზრდა არაა, რადგან როგორც უკვე ვთქვი, წინა წელს 120 ათასით გაიზარდა, წელს მხოლოდ 29 ათასი.

– ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაიზარდა, იგივე საბანკო ასოციაციის განცხადებით, არის ის, რომ გადავადების რამდენიმე კამპანია, რომელიც რამდენიმე ტალღად იყო და პირველ ორ ეტაპზე ყველაზე მსხვილი, ამან მსესხებლებს ხელი შეუწყო, რომ „კრედირინფოს“ ნეგატიურ ჩანაწერებში არ მოხვედრილიყვნენ და საკრედიტო ისტორია არ გაჰფუჭებოდათ. თუმცა, რა თქმა უნდა, შემდეგ ამ ადამიანებს გადასახდელი, თავისი პროცენტები დაუგროვდათ, მაგრამ საკრედიტო ისტორია არ გაუფუჭდათ. იმუშავა თუ არა რეალურად ამან?

– დიახ, რა თქმა უნდა, იმუშავა, რადგან ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდ რაოდენობას, როდესაც ყველაფერი დაიკეტა და ხალხი უმუშევარი დარჩა, მათ სესხების მომსახურება გაუჭირდებოდათ. ამ პერიოდმა საკმაოდ პოზიტიური როლი ითამაშა იმაში, რომ ხალხს საკრედიტო ისტორია არ გაჰფუჭებოდათ. თუნდაც, დაკრედიტებასაც რომ რაოდენობრივად შევხედოთ, ყოველ შემთხვევაში, რაც ჩვენს მონაცემთა ბაზაშია ასახული, ახალი სესხების რაოდენობა გაზრდილია.

იგივე, 2019 წელს 3 მილიონ 66 ათასი ახალი სესხი იყო ბაზაში ატვირთული, 2020 წელს კი, 2 მილიონ 551 ათასი, წლევანდელი 11 თვის მონაცემებით კი, უკვე 3 მილიონ 111 ათასი, ანუ, ნახევარი მილიონით მეტია, სადღაც 550 სესხით მეტია, ვიდრე შარშან 12 თვის განმავლობაში. თან, დეკემბერი ყველამ იცის, რომ ყველაზე აქტიური პერიოდია.

– ასევე მინდა გკითხოთ იმ სერვისებზე, რასაც მომხმარებლებს „კრედიტინფო“ სთავაზობს. ვიცი, რომ ძალიან გაიზარდა და დაიხვეწა, მითუმეტეს, „ონლაინში“ გადასვლამ. ადრე წელიწადში ერთხელ იყო შესაძლებლობა, როცა თქვენ მომხმარებელს საკრედიტო ისტორიას, ოფისში მისვლის შემდეგ აძლევდით, ახლა ეს „ონლაინაცაა“ შესაძლებელი. თუ სარგებლობენ მომხმარებლები ამ სერვისებით?

დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბაზაში რეგისტრირებულ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია, ჩვენს მონაცემთა ბაზაში მოიძიონ. ეს წელიწადში სამჯერ უფასოდ შეუძლიათ გააკეთონ. დღევანდელი მდგომარეობით, ამ სერვისზე დაახლოებით 200 ათასამდე ფიზიკური თუ იურიდიული პირია რეგისტრირებული.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის ფასიანი სერვისი, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარ საკრედიტო ისტორიას თვალ-ყური პერმანენტულად ადევნოს. ამასთან, ჰქონდეს 1 წლიანი წვდომა ისტორიაზე და ნახოს თუ ვინ აკეთებს მის შესახებ ძიებას.

გარდა ამისა, მიიღოს შეტყობინებები იმ შემთხვევაში, თუკი მონაცემთა ბაზაში მის შესახებ რაიმე ცვლილებები მოხდა. ასევე, აქვს შესაძლებლობა საკუთარი საკრედიტო ისტორია სხვებს გაუზიაროს, დავუშვათ დამსაქმებლებს, ბინის შეძენის მსურველებს, რომელთაც საკრედიტო ისტორიას სთხოვენ. ანუ, აქვს დამატებითი სერვისი, რაც ჩვენი აზრით, ამ სერვისს საკმაოდ მიმზიდველს ხდის.

– პრინციპში, წელიწადში სამჯერ საკრედიტო ისტორიის შემოწმება, ჩვეულებრივი მსესხებლისთვის სრულიად საკმარისი და ნორმალურია, ასე ხშირად საკრედიტო ისტორიის გადამოწმება არ უნდა გვჭირდებოდეს, თუმცა არიან მსესხებლები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ და შეიძლება ინფორმაციის გადამოწმება აინტერესებდეთ…

– ყოველწლიურ სერვისს ასევე კიდევ ერთი პოზიტივი ის აქვს, რომ მომხმარებლებს აქვს შესაძლებლობა საკუთარი საკრედიტო რეიტინგი შეამოწმონ, რომლითაც ბანკები საკუთარ კლიენტებს აფასებენ. ასევე, მიიღონ რჩევები, თუ როგორ გამოასწოროს საკუთარი რეიტინგი.

– და ბოლოს, შემაჯამებლად გკითხავთ – თქვენ, როგორც ნეიტრალური დამკვირვებელი მთლიანად საფინანსო სექტორზე, როგორ ფიქრობთ, რა არის ახლა მნიშვნელოვანი პრობლემა და როგორ შეიძლება ის გადაიჭრას. მესმის, რომ ეს ეკონომიკურ ზრდას და ზოგადად მდგომარეობის გამოსწორებას მოჰყვება, თუნდაც ვადაგადაცილებული სესხების შემცირების ტენდენცია, მაგრამ თქვენ მაინც რას აიდენტიფიცირებთ, როგორც ერთ-ერთმნიშვნელოვან პრობლემას?

– რა თქმა უნდა, აქ ვერც მე ვიქნები ორიგინალური და მეც იგივე აზრზე ვარ, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდაა საჭირო და პირველ რიგში, დასაქმება. რაც უფრო მეტი მოსახლეობის პროცენტი იქნება დასაქმებული და ექნება შესაძლებლობა მოემსახუროს სესხს, მით უფრო გაიზრდება ფინანსური ინსტიტუტების კლიენტთა ბაზა, ვინც სესხის აღებას შეძლებს. რა თქმა უნდა, აქ ბევრი, სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიცაა, იგივე ფინანსური განათლება და ა.შ, მაგრამ ძირითადი ფუძე დასაქმება და ეკონომიკური ზრდაა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g