30 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ბარიატრიულ-ლაპარასკოპიული ქირურგი ჯაბა ბაბაევი და ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი ანა კოპალეიშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე – ჭარბ წონაზე და მისი მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებზე ისაუბრეს.
– ქალბატონო ანა, რა ტიპის დაავადებაა სიმსუქნე და როდის ხდება ჭარბი წონა პრობლემა?
– ზოგადად, სიმსუქნე – ზედმეტი ცხიმის არასწორი და არათანაბარი ჩალაგებაა, ადამიანი კი, იმ შემთხვევაში ითვლება მსუქნად თუ მისი სხეულის მასის ინდექსი 25-ს აღემატება. 25-დან-30-მდე – უბრალოდ ჭარბი წონაა, მორბიდულ სიმსუქნედ კი – 40 ითვლება, როცა ჭარბი წონა ჯანმრთელობის პრობლემებს და სერიოზულ დაავადებებს იწვევს.
– რამდენად პრობლემურია სიმსუქნე საქართველოში?
– სამწუხაროდ, საქართველოში სიმსუქნე სერიოზული პრობლემაა, რაც ერთის მხრივ, „ფასტფუდის“ განვითარებამ, მეორეს მხრივ პანდემიამ განაპირობა, როცა ადამიანები პასიურ ცხოვრების წესს შეეჩვივნენ, თუმცა მავნე საკვებზე მაინც არ თქვეს უარი. აღსანიშნავია, რომ ჭარბი წონის პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში ხდება აქტუალური, როცა ყველა ინტენსიურად ცდილობს წონის დაკლებას.
– ბატონო ჯაბა, რამდენად ხშირია თქვენს კლინიკაში მომართვიანობა და რამდენად იციან პაციენტებმა სიმსუქნის მკურნალობის მეთოდები?
– პაციენტები პირველ რიგში ენდოკრინოლოგს მიმართავენ, რადგან თვლიან რომ მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებენ პრობლემის მოგვარებას. თუმცა, ხშირად სხეულის მასის ინდექსი იმდენადაა აცდენილი ნორმას, რომ ენდოკრინოლოგთან ერთად ქირურგის ჩარევაც აუცილებელი ხდება. ძალიან აქტუალურ და მძიმე პრობლემად ითვლება მორბიდული სიმსუქნე, რამაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას სიმსუქნის მსოფლიო პანდემიად გამოცხადება აიძულა. გამონაკლის არ წარმოადგენს არც საქართველო, მით უფრო, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი გაზარმაცებულია, გემრიელად მირთმევა კი, ყველას ძალიან უყვარს. ბევრი სიმსუქნეს არასერიოზულად უყურებს, თუმცა სინამდვილეში სწორედ ჭარბი წონა იწვევს მომაკვდინებელი დაავადებებს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის ჩათვლით.
– კონკრეტულად რას გულისხმობს ქირურგიული ჩარევა?
– არსებობს ქირურგიული ჩარევის რამდენიმე მეთოდი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სლივ–გასტრექტომიაა, როცა ოპერაციის დროს არა მხოლოდ კუჭის 90 პროცენტი, არამედ შიმშილის რეცეპტორებიც იჭრება და საბოლოოდ მილის ფორმის კუჭი ფორმირდება, რომელიც მცირე რაოდენობით საკვებს მოითხოვს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ოპერაცია მხოლოდ ჭარბი წონით გამოწვეული მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის მიზნით ხორციელდება. სამწუხაროდ, საქართველოში, სადაც ინფორმაციის სიმცირის ფონზე ადამიანები მეტწილად სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ, ბევრს ჰგონია, რომ კუჭის მოკვეთით დიაბეტი იკურნება. მათ ვისაც პირველი ტიპის დიაბეტი აქვს ენდოკრინოლოგთან უნდა გააგრძელოს მკურნალობა, რადგან ქირურგიული ჩარევა მხოლოდ მეორე ტიპის დიაბეტის დროსაა გამართლებული.
– სრულყოფილი მომსახურების მიუხედავად, პაციენტების დიდი ნაწილი მაინც თურქეთში მიემგზავრება სამკურნალოდ, თუმცა მოგვიანებით ისევ თქვენ გიბრუნდებათ პრობლემებით,
– მართალია, მეზობელ ქვეყანაში ქირურგია მაღალ დონეზეა განვითარებული, ამიტომ მსგავსი ოპერაციის ჩატარება სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ მორბიდული სიმსუქნის შემთხვევაში მკურნალობის მეთოდს არა ინდივიდუალურად ბარიატრიული ქირურგი, არამედ სხვადასხვა პროფილის მედიკოსთა ჯგუფი განსაზღვრავს, რადგან მსგავსი მკურნალობის მეთოდის შერჩევისას პაციენტს ოპერაციასთან ერთად ფსიქოლოგიური მომზადება, ენდოკრინოლოგის და თერაპევტის კონსულტაციაც სჭირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდეგ პაციენტის მეთვალყურეობა, სწორედ ამგვარ სერვისს ვერ იღებენ პაციენტები თურქეთში, ამიტომ გვიბრუნდებიან პრობლემებით. მეტიც, ზოგს მეორედ უწევს ოპერაციის გაკეთება, რადგან ვერ ახერხებს წონაში დაკლებას.
– ქალბატონო ანა, დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება პოსტოპერაციული პერიოდი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი სწორად გავლა სასურველი შედეგის მისაღებად?
– პოსტოპერაციული პერიოდი, როცა პაციენტი ვალდებულია სისტემატური შემოწმება გაიაროს ენდოკრინოლოგთან, დაახლოებით ერთი წელი გრძელდება. მერე კი, წელიწადში ორჯერ უნდა გაიაროს კონსულტაცია, რათა არ მოიმატოს და მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს სასურველი წონა.
– ბატონო ჯაბა, რამდენად აუცილებელია რეაბილიტაციის დროს პაციენტის ფიზიკურად დატვირთვა?
– საბედნიეროდ, ჩვენს კლინიკაში პაციენტს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიღება. რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან მოკლეა, რადგან პაციენტი ოპერაციის დღესვე აქტიურდება, ვარჯიშს და ფიზიკურ დატვირთვას კი, 1-2 თვის შემდეგ შეუძლია მიმართოს.
– ქალბატონო ანა, რამდენად ხშირად ხდება ჭარბი წონა უშვილობის მიზეზი?
– სამწუხაროდ, ჭარბი წონა ხშირად ხდება უნაყოფობის მიზეზი როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. მართალია, ბევრი უფრთხის ოპერაციის გაკეთებას, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბარიატრიული ქირურგია ნამდვილად არ ვნებს მომავალ ორსულობას, თუმცა აქვს თავისი ვადები, რადგან 9 -12 თვის მანძილზე ორსულობა ნაკლებადაა რეკომენდებული.