წელს საქართველოში სწრაფი კვების რესტორნების ქსელის SUBWAY-ის კიდევ ორი ახალი რესტორანი გაიხსნება.
როგორც ”ფორტუნას” SUBWAY -ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, გივი ორდენიძემ განუცხადა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუ სად აშენდება ეს რესტორნები, მაგრამ ქსელი ქვეყნის შიგნით გაფართოებას არა მხოლოდ 2016 წელს, არამედ მომდევნო წლებშიც გეგმავს.
”ასათვისებელი გვაქვს თბილისის ბევრი უბანი. ამ ეტაპზე SUBWAY ძირითადად ცენტრალურ უბნებშია წარმოდგენილი. ამიტომაც, იგეგმება რესტორნების მშენებლობა ქალაქის პერიფერიებსა და სავაჭრო ცენტრებში: თბილისი მოლსა და ისთ ფოინთში. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში SUBWAY უკვე ბათუმში, ქუთაისსა და ყვარელშიც გამოჩნდება,”- განაცხადა გივი ორდენიძემ.
როგორც SUBWAY -ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რესტორნის გახსნა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც მიიღებს ლიცენზიას.
” SUBWAY სხვა ქსელებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ლიცენზიას გასცემს არა ერთ კონკრეტულ პირსა თუ ჯგუფზე, არამედ სხვადასხვა პირსა და კომპანიაზე ანუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც მოგვმართავს, დააკმაყოფილებს ძირითად კრიტერიუმებს და მიიღებს ლიცენზიას, შესაძლებლობა აქვს ააშენოს SUBWAY-ის რესტორანი”,- აღნიშნა ორდენიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე SUBWAY მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი 5 რესტორნით, რომლებიც სამმა სხვადასხვა ჯგუფმა ააშენა.
„ამ ეტაპზე, საკმაოდ ბევრმა დაინტერესებულმა პირმა მოგვმართა. შესაბამისად, ქსელის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ნამდვილად მოხდება,“- აღნიშნა ორდენიემ.
SUBWAY ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია. ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 42 000-ზე მეტ რესტორანს ფლობს. თბილისი მათ რიცხვს 2014 წლიდან შეუერთდა.