ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში, თხილის მიმღებ–გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა. საწარმოში შესაძლებელია პროდუქციის მაღალ დონეზე გაშრობა, დამუშავება, შენახვა, რაც ზრდის თხილის ღირებულებას.
აღსანიშნავია, რომ სოფელ თელაში მდებარე საწარმო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (AgriGeorgia/Ferrero-ს, USAID- ისა და CNFA-ს ერთობლივი პროექტი) მხარდაჭერით აშენდა, რომელსაც ოპერირებას შპს „აგროთრეიდი“ უწევს.
საწარმოში, ჯამურად, 900,000-ზე მეტი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 500,000-მდე ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ახალ საწარმოში 16 სამუშაო ადგილი შეიქმნა. საწარმო ყოველწლიურად, დაახლოებით, 200 ფერმერს მოემსახურება.