LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უმუშევრობის დონე 16%-მდე შემცირდა – უმუშევრობა მაღალია კაცებში

142
looking-for-work-unemployed-no-job

2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.1 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება.

“საქსტატის” ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 42.9 ათასი კაცით (5.1%) და 884.1 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 18.0 ათასით გაიზარდა (4.5%) და 420.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 42.3 ათასით (14.5%) და 249.5 ათასი შეადგინა.

"უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა".

„2022 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52.7 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 3.0 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 2.3 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.8 პროცენტს და 42.1 პროცენტს შეადგენს.

2022 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 67.8 პროცენტი შეადგინა. 2022 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია, შესაბამისად 3.7 და 1.9 პროცენტული პუნქტით.

"საქართველო ხშირად გამოირჩევა პარადოქსებით... არის სამუშაო ძალა და პარალელურად არის ძალიან დიდი უმუშევრობა" - შოთა ბურჯანაძე

"შრომისუნარიანი ადამიანების დიდი უმრავლესობა უმუშევრები არიან და შრომის მაძიებლები არ არიან".

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.8 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.7 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.9 პროცენტული პუნქტით. 2022 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 2.9 და 2.5 პროცენტული პუნქტით“, – ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.