2018 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12,1% შეადგინა, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შემცირება მეტწილად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული და ძირითადად, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.
„კვარტალური მონაცემები ასაკობრივ ჭრილს არ გვიჩვენებს, თუმცა წლიურ მონაცემებს თუ გავაანალიზებთ, უმუშევრობის მაჩვენებელი არის 15-24 წლის ასაკში, ხოლო რაც შეეხება 65 წლის და ზემოთ ასაკის მიხედვით მოსახლეობას, ამ ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალია, რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, უმუშევრად ითვლება ადამიანი, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვის პერიოდსა და შვიდი დღის განმავლობაში და სამსახურს ეძებდა გასული 30 დღის განმავლობაში და იმავდროულად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მუშაობის დასაწყებად მზად იყო,” – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
როგორც „საქსტატის“ მონაცემებშია აღნიშნული, 2018 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64 პროცენტი შეადგინა.