სახელმწიფო დაწესებულებები და რიგი კერძო სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, საკუთარი ვებგვერდები და მობილური აპლიკაციები შშმ პირებისათვისაც გახადონ ხელმისაწვდომი – ამას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში შესატანად ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს.
მოთხოვნა გავრცელდება ისეთ ვებგვერდებზეც, როგორებიცაა Biletebi.ge, tkt.ge, Jobs.Ge, myhome.ge – სუბიექტებზე, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა სექტორში არსებული ღონისძიებების ბილეთებისა და სხვა შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა ონლაინ პლატფორმის საშუალებით.
კანონპროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2027 წლის პირველი იანვარი, ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების სრული ადაპტირება კი 2032 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
ცვლილებების ავტორია რატი იონათამიშვილი, ხოლო ინიციატორები არიან: რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ზურაბი ქადაგიძე, სუმბატ კიურეღიანი, ირაკლი ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, სავალან მირზოევი, თორნიკე ფაღავა.
