კრიშტიანო რონალდოს გუშინდელი მატჩის შესახებ დღეს დასავლური მედია ბევრს წერს.
საქართველოს ნაკრების ტრიუმფალურ გამარჯვებასა და პორტუგალიის ნაკრების დამარცხებაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ მთავარი თემა მაინც კრიშტიანო რონალდოა, რომელიც საქართველოსთან მატჩზე პერსონალური რეკორდების გასაუმჯობესებლად გამოვიდა. ნაცვლად ამისა, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, პირველად კარიერის მანძილზე, ჯგუფური ეტაპის თამაშებზე, ვერც ერთი გოლის გატანა ვერ შეძლო, ბევრი ნერვიულობაც მოუწია და ბოლოს მოედანიც დატოვა.
კადრებში არაერთხელ მოხვდა კრიშტიანოს განერვიულებული სახე, როცა ის ხან მსაჯთან, ხანაც თანაგუნდელებთან კონფლიქტში შედიოდა. ბოლოს კი, ბრაზი სტადიონთან დაგდებულ ბოთლზე გადაიტანა და ის შორ მანძილზე გადააგდო. განსაკუთრებით ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში რონალდოსა და ლუკა ლოჩოშვილის სათამაშო ეპიზოდი, როცა რონალდო სტადიონზე დაეცა და მსაჯს უყვიროდა: „როგორ, ვერ დაინახე, მან ხომ მაისურზე ხელი მომქაჩაო“. უკიდურესად გაბრაზებული იყო რონალდო მაშინაც, როცა პირველი სახიფათო ჯარიმის დროს, მან გოლი ვერ გაიტანა, რადგან მისი უძლიერესი დარტყმა საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია. როგორც გამოცემა „მირორი“ წერს, კრიშტიანო რონალდოს თამაშის ყველა ეტაპზე, ნერვებმა უმტყუნა და თავს კონტროლს ვერ უწევდა.