LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება, რომელსაც გონიერი ხელისუფლება საუკეთესოდ გამოიყენებს: ხათუნა ლაგაზიძე ამერიკის სენატში მიმდინარე ნატო-ს საკითხების განხილვებზე

91
ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამერიკის სენატში მიმდინარე განხილვებს, რომელიც უკრაინა-საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხებსა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას ეხებოდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება, რომელსაც პატრიოტი და გონიერი ხელისუფლება საუკეთესოდ გამოიყენებს.

„ამ წუთებში უაღრესად საინტერესო და იმედისმომცემი მოსმენები მიმდინარეობს ამერიკის სენატში შავი ზღვის უსაფრთხოების და რეგიონში ამერიკის ინტერესების დაცვის თაობაზე. საუბარი უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზეც მიდის, რაც შავი ზღვის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელიაო.

უკრაინა-საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხში ჩვენი შიშები კი არ უნდა გვამოძრავებდესო: რას იზამს რუსეთიო, არამედ ჩვენი სტრატეგია უნდა დავდოთო და დავძლიოთ ევროპის გაყოფა ამ საკითხშიო.

უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება საქართველოსთვის, რომელსაც პატრიოტი და გონიერი ხელისუფლება საუკეთესოდ გამოიყენებს. ისაუბრეს ამერიკის, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯის შერყევაზეც რეგიონის ქვეყნებში რუსეთის პროპაგანდის გამო, თუმცა, ისიც ითქვა, რომ ამერიკამ შეამცირა დამოუკიდებელი მედიის და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობა ამ ქვეყნებში, რაც გამოსასწორებელია,“- წერს პოლიტოლოგი.

როგორც ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, სენატში ითქვა ისიც, რომ რეგიონის ქვეყნები იმედგაცრუებულები არიან ამერიკის არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკით.

„დღევანდელი მიდგომები უკრაინა-საქართველოსთან მიმართებაში ეფექტური არ არის რუსული აგრესიის შესაკავებლადო. მეტი სამხედრო დახმარება, ამერიკის მეტი ინსტიტუციური ყოფნაა საჭირო ამ ორ ქვეყანაშიო. ისაუბრეს 3 ზღვის ინიციატივაზეც.

წყნარი ოკეანის რეგიონისკენ ჩვენი ინტერესების გადანაცვლებამ უყურადღებოდ არ უნდა დაგვატოვებინოს შავი ზღვის რეგიონიო. ზედმიწევნით საინტერესო გამოსვლებია.

თანდათან დაგაწევთ დეტალებს. სულ ახლახან ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიისგან უკუსვლაზე, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების ჩათვლით, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ ჩვენ კი არ უნდა მივატოვოთ ამის გამო საქართველო, არამედ ხელი შევუწყოთ დემოკრატიისკენ მიბრუნებაშიო,“- აღნიშნულია ექსპერტის მიერ გავრცელებულ „ფეისბუქ“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხებზე გუშინ, განცხადება სენატორმა ჯიმ შაჰინმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. 

სენატორი შაჰინი იმასაც ამბობს, რომ ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა.

რასმუსენი: მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება ნატო-ს იმ წევრებმა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი

 

mazda magti 5g