„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ბოლო კვლევებს, რომელიც 4-24 მარტის პერიოდში ჩატარდა და ჯამში, რამდენიმე საკვანძო საკითხს აერთიანებს, ექსპერტთა ნაწილი არაერთგვაროვნად აფასებს და ამბობს, რომ მიუხედავად რიგ შემთხვევაში, ამ კვლევით გამოვლენილი საზოგადოებრივი განწყობის ლოგიკურობისა, რამდენიმე მონაცემი კითხვის ნიშნებს ბადებს, რაც შესაძლოა დაბალ პოლიტიკურ კულტურასა და იმ საინფორმაციო პოლიტიკას უკავშირდებოდეს, რომელსაც მმართველი ძალა ატარებს.
პოლიტოლოგების ნაწილის აზრით, ის ფაქტი, რომ პრორუსულად განწყობილი ადამიანების განწყობები გარკვეულწილად შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა, დადებით დინამიკაზე მიუთითებს.
IRI-ის კვლევა და მოსახლეობის განწყობა რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში
როგორც „ფორტუნას“ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია იგივე NDI-ის კვლევებიც მოვიშველიოთ, სადაც ნათქვამია, რომ დაახლოებით 85% საქართველოს ევროკავშირში და 70%-ზე მეტი, ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს.
თუმცა, რაც შეეხება IRI-ის კვლევის ამ მონაცემებს, ნიკა ჩიტაძის მოსაზრებით, ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, თითქოს უკრაინასთან მიმართებით საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს.
„შესაძლოა აქ საქმე გვქონდეს შემდეგთან, რომ „ქართული ოცნება“ გარკვეულწილად ატარებს საინფორმაციო პოლიტიკას და მისი მიზანია, დაარწმუნოს მოსახლეობა, თითქოს საქართველოს ომი მან ააცილა.
იგივე ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება რომ გავიხსენოთ, თითქოს სააკაშვილი საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ უკრაინაში ომის შესახებ იცოდა და თითქოს, აქ მეორე ფრონტის გახსნა უნდოდა და ა.შ.
კვირას რომ არჩევნები იყოს: “ოცნება” – 31%, ენმ – 16%, გახარია – 4% – IRI-ის კვლევის შედეგები
სამწუხაროდ, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ამის სჯერა და აქედან გამომდინარე, არ შეცვლილა პოლიტიკური პარტიების რეიტინგიც – „ქართული ოცნება“ კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს, რადგან მოსახლეობის 31%-სთვის უფრო მისაღები პარტიაა, „ნაცმოძრაობა“ კი, ისევ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება.
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც „ქართული ოცნებას“, ისე „ნაცმოძრაობას“ თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ეს შეიძლება იგივე საჯარო მოხელეები იყვნენ, ამასთანავე ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოღონდ „ნაცმოძრაობა“ არა და ისევ „ოცნებას“ ავირჩევ. თუმცა, ფაქტია, რომ უკრაინის ომმა განწყობები ვერ შეცვალა იმ კუთხით, რომ „ქართული ოცნება“ მოწინავე პარტია არ ყოფილიყო“, – გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.
კვლევის შედეგები, როგორც პოლიტიკური კულტურის საზომი
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტული მონაცემებით, კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის განწყობები რუსეთის უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ, გარკვეულწილად მაინც არ შეცვლილა და ამასაც აქვს მისი ლოგიკური ახსნა. როგორც ნიკა ჩიტაძემ „ფორტუნას“ უთხრა, ეს შესაძლოა დაბალი პოლიტიკური კულტურით იყოს განპირობებული.
„მე ვფიქრობ, რომ ეს დაბალი პოლიტიკური კულტურის შედეგია, რადგან თუ დავუშვათ, მოსახლეობისთვის ერთი მოტყუება იყო, რომ კომუნალურებზე ტარიფები ნახევრად შემცირდებოდა, საწვავის ფასი შემცირდებოდა, რადგან ის ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა;
გარდა ამისა, ხალხს უფასო პური დაურიგდებოდა და თითოეულ სოფელს 5 მილიონი, ამ ყველაფრის შეუსრულებლობის შემდეგ, თუ მოსახლეობას ისევ „ქართული ოცნების“ სჯერა, აქ საქმე გვაქვს გარკვეულწილად დაბალ პოლიტიკურ კულტურასთან და გულუბრყვილობასთან“, – დასძინა ჩვენთან საუბრისას ჩიტაძემ.
რუსეთი, როგორც ეკონომიკური საფრთხე
რაც შეეხება „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის შედეგს, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 83%-ის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხე რუსეთია, პოლიტოლოგი ამ შედეგებს ლოგიკურს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ მონაცემი იმის შესახებ, რომ გამოკითხულთა 59% სრულად ან მეტ ნაკლებად დადებითად აფასებს თუ როგორ უმკლავდება ამჟამინდელი მთავრობა რუსეთთან ურთიერთობებს, არ ეთანხმება და ამასაც „ქართული ოცნების“ საინფორმაციო პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს.
„ბევრისთვის ეკონომიკური საფრთხე ნამდვილად რუსეთია, რადგან ვიწყებთ ეკონომიკური დამოკიდებულებით და შემდეგ პოლიტიკური დამოკიდებულებით. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი საქართველოსთვის ნომერ 2 სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია, ყოველ შემთხვევაში იყო, 2022 წელს სიტუაცია ცოტათი შეიცვალა, თუმცა ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორის სტატუსს მაინც ინარჩუნებს.
დღეს, როდესაც რუსეთში ექსპორტის მოცულობა 56 პროცენტით შემცირდა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთი არასტაბილური ქვეყანაა და მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით. მოსახლეობის განწყობაც, რომ თითქოს, ხელისუფლება დადებითაც უმკლავდება ამ ნაწილში რუსეთთან ურთიერთობას, ესეც საინფორმაციო პროპაგანდის ნაწილი მგონია.“
პოლიტიკური ლიდერები და პატრიარქი კვლავ რეიტინგების სათავეში
რაც შეეხება IRI-ის კვლევით გამოვლენილ ლიდერ პოლიტიკოსებს, ბოლო მონაცემებმა აჩვენა, რომ ილია მეორის მიმართ დადებითი განწყობა აქვს გამოკითხულთა 92%-ს, 53% ასახელებს კახა კალაძეს, 52% – სალომე ზურაბიშვილს, 47% – ირაკლი ღარიბაშვილს.
როგორ პოლიტოლოგი ამბობს, ბუნებრივია, როცა პატრიარქის მიმართ ნდობა კვლავ მაღალია, რადგან საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის 80% მორწმუნეა და ამას სხვადასხვა კვლევის მონაცემიც ადასტურებს.
„ვიცით, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელიც აცხადებს, რომ მორწმუნეა, მათი რიცხვი 80%-ს აღემატება. აქედან გამომდინარე, თუ მორწმუნეა, შესაბამისად, ილია მეორე უნდა მოსწონდეს. ან იგივე, ღარიბაშვილთან შედარებით, მოსწონს.
ხოლო თვითონ ის ფაქტი, რომ ღარიბაშვილი ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა პოლიტიკურ რეიტინგებში, მგონია, რომ ისევ და ისევ, საქმე გვაქვს, დაბალ პოლიტიკურ კულტურასთან.
ნორმალურ ქვეყანაში ღარიბაშვილს პასუხს მოსთხოვდნენ, მათ შორის, იმაზეც, რომ თითქოს მან საქართველოს ომი აარიდა და მათ შორის იმაზეც, როგორ ახდენდა ბერა ივანიშვილის ოპონენტებზე ზეწოლას და ასე შემდეგ.
როგორც პლატონი იტყოდა: სახელმწიფოს ღირსება დამოკიდებულია თითოეული მოქალაქის ღირსებაზე, ვინც ცხოვრობს ამ სახელმწიფოში.
სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა ხშირად შეინიშნება. შესაძლოა ადამიანი ყველაფერში ვერ ერკვეოდეს, მაგრამ მაშინ კომენტარიც არ უნდა აკეთოს, ჩვენთან კი ყველა პოლიტიკაზე საუბრობს – ერკვევა თუ ვერა. ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც ბევრ სისულელეს სრულიად დარწმუნებით ამბობს და ზოგიერთ შემთხვევაში, არაინფორმირებულ ადამიანს მისი სჯერა“, – განუცხადა „ფორტუნას“ ნიკა ჩიტაძემ.
მისივე მოსაზრებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ამ რეიტინგში მოწინავე ადგილზე ყოფნას, გარკვეული ლოგიკური ფაქტორები უწყობს ხელს, მაგალითად, იგივე თბილისის დაფინანსების ნაწილი.
„დედაქალაქი ამ კუთხით ყველაზე დიდი მოცულობის დაფინანსებას იღებს, მისი ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარს აღემატება და შესაბამისად, ეს ხელს უწყობს იმას, რომ რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, ბევრის თვალში, კალაძე სხვასთან შედარებით, თითქოს უფრო საქმიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან თითქოს ის ნიშა დაიკავა, რომ შემრიგებლისა და ერის გამაერთიანებლის როლშია. მე პირადად მისი არ მჯერა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსების მიმართ უფრო პრინციპულ განცხადებებს აკეთებს, ვიდრე იგივე ღარიბაშვილი.“ – გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.