LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქმის მასალებში წერია, რომ ალექსანდრე გაბაშვილი ნია იმნაძეს პირობას აძლევს, ვციტირებ: „მოგიგვარებ საქმეს მასწავლებლებთან“ – ეკა კუპატაძე

252
ეკა კუპატაძე

მოკ­ლუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­და, ეკა კუ­პა­ტა­ძე „კვი­რის პა­ლიტ­რასთან“ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე საუბრობს. 

„ზოგიერთი ამბობს, საქმეში მტკიცებულებები არ არის და მხოლოდ ეკას მოთხოვნით იჭერენ ახალგაზრდებსო. თუკი ეკას მოთხოვნით იჭერენ, 20 ოქტომბრიდან მოვითხოვდი ნია იმნაძის დაჭერას, რატომ აქამდე არ დაიჭირეს? ათი თვე დასჭირდა კარგად შეფუთული, მიჩქმალული და კარგად ჩაფარცხული საქმის გამოძიებას. ნია იმნაძის ტელეფონი გასუფთავებული იყო და ერთ მოწყობილობაზე შეერთების შემდეგ ბევრი რამ აღდგა (სრულად – ვერა). იქაც იყო გარკვეული ინფორმაცია, რითაც პროკურატურამ ბრალის წარდგენა შეძლო. ასევე გასუფთავებული იყო გიორგი მალანიასა და დანარჩენების ტელეფონებიც, თან ისეთ მაღალ დონეზე, როგორადაც არასრულწლოვანი თავად ვერ გაასუფთავებდა. მათ ყველაფერი მოიშორეს – ტანსაცმელი, კეპი, ფეხსაცმელები… ანუ მტკიცებულებები გააქრეს, თუმცა მასალები აღდგა. როცა ოჯახები გაჩხრიკეს, მაშინ დამონტაჟდა ფარული მოსასმენები სახლებში, ციხეებში, მანქანებში… მათ გაშიფვრას დრო ხომ უნდოდა? ჩანაწერები ფონოსკოპიურ ექსპერტიზას გადაეცა და ამასობაში 10 თვე გავიდა.

ნია იმნაძეს არც არავინ ედავება მკვლელობის დაკვეთას, წაქეზებას – კი, ის უბიძგებს, რომ პასუხი მოსთხოვონ გიგას, დანაშაულისკენ უბიძგებს. მნიშვნელოვანი იცით, რა არის? ნია იმნაძემ იცის ალექსანდრე გაბაშვილის კრიმინალური წარსული და როცა კრიმინალური სულისკვეთების ადამიანთან არჩევ ამბავს და ეუბნები რაღაცას, ეს უკვე წაქეზებაა.

მთელმა დიდმა დიღომმა იცოდა, რომ ეს ბიჭები უბნელ 10 -13 წლის ბავშვებს ფულს ინტენსიურად სძალავდნენ, ძალადობდნენ, გაკვეთილებზე მასწავლებლებს ატირებდნენ… იმავე სკოლაშია ნია იმნაძე და მანაც ყველაფერი მშვენივრად იცოდა. ასეთი სულისკვეთების ადამიანთან რომ საუბრობ სხვა ტონით, ეს არის წაქეზება. საქმის მასალებში წერია, რომ ალექსანდრე გაბაშვილი ნია იმნაძეს პირობას აძლევს, ვციტირებ: “მოგიგვარებ საქმეს მასწავლებლებთან”.

დადგენილია, რომ თავდასხმას გეგმავდნენ. გიგას უთვალთვალებდნენ, მარტო რომ მოეხელთებინათ. ამ პერიოდის განმავლობაში განიხილავდნენ თავდასხმის დეტალებს, მათ შორის, ნიაც. ამის დამადასტურებელი მესიჯები არსებობს. საქმის მასალებში წერია: “მთელი ერთი კვირაა, ვეუბნები ნიაკოს, მოგიგვარებ პრობლემებს”. ეს იყო ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც მანამდე არაერთ ადამიანს დასხმია თავს. რომ არა ნია იმნაძე, გიორგი მალანია და გიორგი რიკაძე, რომელიც იმ დღეს გაბაშვილს გამოჰყვა, დღეს გიგა ცოცხალი იქნებოდა.

ანასტასია ბერუაშვილმა იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ, იცოდა, რომ თავდასხმა სისრულეში მოიყვანეს და გიგა გაითიშა. ის ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა… მეტსაც გეტყვით: გიორგი რიკაძე სამჯერ ჩაუსაფრდა გიგას, მაგრამ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოახერხეს თავდასხმა. ანასტასია ბერუაშვილმა სამივეჯერ იცოდა, რომ გიორგი რიკაძე მიჰყვებოდა მის ძმაკაცს გიგაზე თავდასასხმელად. 7 ოქტომბერს წყვილები – ანასტასია ბერუაშვილი-გიორგი რიკაძე და ნია იმნაძე-ალექსანდრე გაბაშვილი გიგაზე თავდასხმას მთაწმინდაზე ერთად აღნიშნავდნენ. ფოტოები საქმის მასალებში დევს. ანასტასია ბერუაშვილი მათ აქტიურად დებდა “ინსტაგრამის” გვერდზე.

გიგას საქმეში სხვა არასრულწლოვანი დამნაშავე არ იკვეთება. რომ არ მებრძოლა, ალექსანდრე გაბაშვილის გარდა, არც ერთი არ იქნებოდა დაკავებული, თვით გიორგი რიკაძეც. შესაძლოა სულაც პირობითით გამოსულიყო გაბაშვილი, თუ არადა, წელიწად-ნახევარზე მეტს მაგათ არავინ მისცემდა.

დედობა მხოლოდ შვილის გაჩენა არ არის, მკვდარ შვილსაც უნდა დაცვა, შვილის სიმართლის დაცვა. ჩემთვის ეს არის ჩემი მართალი შვილისთვის თავგანწირული ბრძოლა. აბსოლუტურად უდანაშაულო ბიჭია სადისტურად მოკლული და ამიტომ ვითხოვ უმაღლეს სასჯელს. ისინი, ვინც უდანაშაულო ადამიანს სასტიკად კლავენ, ყველასთვის საშიში არიან და მათ აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით ვაგებინებ პასუხს“, – აცხადებს ეკა კუპატაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები