LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქონლის ფარში – 10.99: მომაბეზრებელი სარეკლამო შეტყობინებები – ვინ გასცემს სატელეფონო  ნომრებს

460

გაიხსენეთ, სასურველი ტექსტური შეტყობინების ლოდინისას, რამდენჯერ დარჩენილხართ იმედგაცრუებული და ხელთ რომელიმე კომპანიის სარეკლამო შეტყობინება შეგრჩენიათ. სარეკლამო sms ქათმის ბარკლებზე ფასდაკლების ან ამა თუ იმ კომპანიის იუბილესთან დაკავშირებით მობილურ ტელეფონებზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში უხვად იგზავნება, მათ შორის გვიან ღამით ან ადრე დილით. გარდა დისკომფორტისა, ჩნდება კითხვა, როგორ მოიპოვეს აღნიშნულმა კომპანიებმა ჩვენი პერსონალური ინფორმაცია და მობილურის ნომერი.

 

კერძო კომპანიებისთვის აბონენტთა სატელეფონო ნომრების გადაცემას კომპანიები „მაგთი“, „ჯეოსელი“ და „ბილაინი“ კატეგორიულად უარყოფენ.

როგორც“ ფორტუნას“ კომპანია „ჯეოსელში“ განუცხადეს, „ჯეოსელი“ აბონენტების სატელეფონო ბაზას არცერთ კომპანიას არ გადასცემს და რეკლამის გაგზავნის შემთხვევაში დამკვეთები თავად აწვდიან მომხმარებელთა სატელეფონო ნომრებს.
სიტუაციის ცვლილება იგეგმება მომავალი წლიდან. „ჯეოსელი“ რეკლამის გასავრცელებლად საკუთარ სააბონენტო ბაზას გამოიყებენს, თუმცა ამის შესახებ მომხმარებელი ნომრის აღებისთანავე იქნება ინფორმირებული. კომპანიაში ამბობენ, რომ სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმის საშუალება, როგორც არსებულ, ასევე ახალ აბონენტებსაც ექნებათ.

“ჯეოსელიდან“ გამოგზავნილი სარეკლამო სმს შეწყვეტა ქოლ-ცენტრის ან  მომსახურების ოფისებში მისვლითაა შესაძლებელი.

 

სხვა კომპანიებს არ გადასცემს ნომრების ბაზას კომპანია „მაგთიც“,  თუმცა სარეკლამო სმს დაგზავნის მომსახურების გაწევისას საკუთარი აბონენტების ნომრებს იყენებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეკლამო მესიჯებს მხოლოდ იმ აბონენტებს უგზავნიან, რომლებსაც წინასწარ აქვთ ამაზე თანხმობა გაცხადებული. ამასთან რეკლამის შემკვეთ კომპანიებს თავად არ აქვთ  ნომრებთან წვდომა.
მაგთი“-დან მიღებული სარეკლამო SMS-ებზე უარის დასაფიქსირებლად უნდა აკრიფეთ *182# OK და მიჰყვეთ ინსტრუქციას.

 

ნომრების სხვა კომპანიებისთვის გადაცემას უარყოფენ კომპანია“ ბილაინშიც“.  „ბილაინი“ არც შეკვეთებს იღებს სარეკლამო sms-ის გავრცელებაზე და აბონენტებს მხოლოდ საკუთარი აქციების შესახებ აწვდის ინფორმაციას. კომპანიაში ამბობენ,  რომ სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის სერვისის დანერგვას არც სამომავლოდ გეგმავენ.
„ბილაინის “აბონენტებს სარეკლამო  შეტყობინებების გამორთვა შეუძლიათ კომბინაციით*297#, (აღნიშნული კომბინაცია თიშავს სარეკლამო სააგენტოების მიერ გამოგზავნილს შეტყობინებებს, თუმცა ცალკეული მაღაზიებისგან რეკლამები ისევ შეიძლება მოვიდეს). ბილაინის აქციების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმა  კომპანიაში განცხადების დაწერითაა შესაძლებელი.

 

გარდა  სატელეფონო კომპანიებისა, აბონენტები სარეკლამო მესიჯებს ხშირად სხვა, კერძო კომპანიებისგანაც იღებენ. ნომრის მოპოვების მეთოდოლოგია უცნობია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიხედვით არსებობს მონაცემთა შეკრებისა და დამუშავების რამდენიმე კანონიერი გზა. მაგ. როცა ჩვენი ნომერი მითითებული გვაქვს სოციალურ ქსელში, თავად განვაცხადეთ წერილობითი თანხმობა რეკლამის მიღებაზე ან კონკრეტულ მაღაზიაში ვისარგებლეთ აქციით და მივაწოდეთ ჩვენი ნომერი. როდესაც არანაირი შეხება არ გვქონია კონკრეტულ კომერციულ დაწესებულებასთან და არც ნომერი განგვითავსებია სოციალურ ქსელში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანიამ ჩვენი ნომერი არაკანონიერი გზით მოიპოვა და ფაქტის შესასწავლად მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მივმართოთ. საჩივრის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.

რაც შეეხება მომაბეზრებელი შეტყობინებების შეჩერების საკითხს, პირადი სატელეფონო ნომრის გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგისთვის არეგულირებს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურისტი სოფო შამუგია „ფორტუნასთან“ დეტალურად განმარტავს, რა შემთხვევაში არღვევს კომპანია აბონენტების უფლებებს და როდის უნდა მივმართოთ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

„სარეკლამო შეტყობინებას აუცილებლად უნდა ახლდეს sms-off, რომლის საშუალებითაც უარს ვიტყვით  შეტყობინებების მიღებაზე. ამ ფუნქციის გამოყენებიდან 10 სამუშაო დღის შემდეგ , კომპანიამ აღარ უნდა გამოაგზავნოს სარეკლამო შეტყობინებები. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეს უკვე შეუძლია საჩივრით მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართოს და კომპანია პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევაში დაადანაშაულოს“, -განმარტავს სოფო შამუგია.

 

მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, გასულ წელს პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის საჩივარი  48 ადამიანმა შეიტანა   და 27 კომპანია დაჯარიმდა. პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის კანონი პირველ შემთხვევაში 3000 ლარიან, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

 

თამუნა გოგუაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g