ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმიანება უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თხოვნის მიუხედავად, უკრაინას საქართველოს მთავრობისგან იარაღის, საბრძოლო მასალის და ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია.
როგორც მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, საქართველო უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის:
„ალბათ იცით, საქართველომ რა მასშტაბის ჰუმანიტარული დახმარება გასწია. თუ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ავწონით, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, მაპატიოს ყველამ, რომ მასშტაბებზე ვსაუბრობ, თუმცა ოპოზიციის რიტორიკამ, შესაძლოა, განაპირობა ის, რომ ამაზე საუბარი გვიწევს, თუმცა გაწეული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ერთი სიტყვა არ დაგვიყვედრებია.
რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე სამართლებრივი მექანიზმით დახმარებას, ამას ვაკეთებთ. ჰააგის ტრიბუნალთან დაკავშირებითაც გაბედული გადაწყვეტილებები იყო მიღებული, დაახლოებით, 40-მდე სახელმწიფო იყო, ვინც ამის გაკეთება გაბედა, მათ შორის საქართველო. ამიტომ, ეს არის ქმედითი დახმარება.
მთავარი იცით რა არის – ჩვენს ქვეყანას აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ამ ოკუპაციას ვერცერთ შემთხვევაში ვერ შევეგუებით. ქვეყნის გამთლიანება ამ ქვეყნის მთავარი ამოცანაა, ჩვენ თვითონ რა რესურსებიც გვაქვს, ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტები და ჰუმანიტარული დახმარების გამოყენება საიმისოდ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რაღაცნაირად გამთელდეს. სამხედრო ინტერვენციას ჩვენ არ ვახორციელებთ, უბრალოდ, ასეთ დროს მე მგონია, მხედველობაში მისაღები გარემოებაა, როდესაც ამ საკითხზე ვმსჯელობთ..
პოზიციების შემოწმების ინსტრუმენტად ნუ ვაქცევთ ჰუმანიტარული დახმარების საკითხს, მერწმუნეთ, ეს არ ვარგა. სადაც ბინტი და სხვა რამ გაიგზავნა, რასაკვირველია, ასეთ დროს საქართველო დახმარებაზე უარს არ იტყვის“, – ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, რომ რომ თხოვნის მიუხედავად, მიმდინარე ომის დროს, უკრაინას საქართველოს მთავრობისგან იარაღის, საბრძოლო მასალის და ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია.