ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტექნოლოგიური სექტორისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – Meta და Alphabet პასუხისმგებლად ცნო სოციალურ პლატფორმებთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიური ზიანის საქმეში და მათ საერთო ჯამში დაახლოებით 6 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიებმა 20 წლის მომხმარებელს 4.2 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადონ, ხოლო დამატებით 1.8 მილიონი დოლარი ჯარიმის სახით ბიუჯეტში გადაირიცხება. საქმე ეხებოდა პლატფორმებს – Instagram და YouTube, რომელთა დიზაინიც, მოსარჩელის მტკიცებით, დამოკიდებულების გამომწვევ მექანიზმებზე იყო აგებული.

სარჩელის მიხედვით, ალგორითმები და მომხმარებლის ჩართულობაზე ორიენტირებული ფუნქციები, როგორიცაა უსასრულო სქროლვა, პერსონალიზებული კონტენტი და რეკომენდაციების სისტემა – ქმნიდა გარემოს, რომელიც მომხმარებელს პლატფორმაზე ხანგრძლივად დარჩენას აიძულებდა და დროთა განმავლობაში ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ კომპანიებმა არ გაითვალისწინეს ეს რისკები სათანადო დონეზე და მომხმარებლები შესაბამისი საფრთხეების შესახებ სრულად არ გააფრთხილეს.
მედიის შეფასებით, საქმე შეიძლება პრეცედენტული აღმოჩნდეს მთელი ინდუსტრიისთვის. თუ მსგავსი გადაწყვეტილებები გახშირდება, ტექნოლოგიურ გიგანტებს შესაძლოა მოუწიოთ არა მხოლოდ პროდუქტის დიზაინის გადახედვა, არამედ მომხმარებელთა უსაფრთხოების პოლიტიკის გამკაცრებაც – განსაკუთრებით არასრულწლოვანთა და ახალგაზრდების შემთხვევაში.

თავად კომპანიები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას გეგმავენ. Meta-ს იურისტები ამტკიცებენ, რომ მოსარჩელის ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო მეტად პირადი და ოჯახური გარემო პირობებით იყო განპირობებული, ვიდრე სოციალური ქსელების გამოყენებით.

საქმეში თავდაპირველად ფიგურირებდნენ სხვა მსხვილი პლატფორმებიც – TikTok და Snapchat, თუმცა მათ სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოსარჩელესთან შეთანხმებას მიაღწიეს და დავა მორიგებით დაასრულეს.
