უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 63-ე დღე – კვლავ რთულ პირობებში რჩებიან მოქალაქეები მარიუპოლში. ქალაქის საბჭო ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხანაში სულ მცირე 2 ათასი ადამიანია, მათ საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ.
როგორც მარიუპოლის საკრებულო Telegram-ზე იუწყება, “აზოვსტალის“ ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება – ქალები, ბავშვები და მოხუცები, ბევრია დაჭრილი.
“ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქეა. ქალები, ბავშვები და მოხუცები. ბევრი დაჭრილია. ისინი ანტისანიტარიაში და საშინელ პირობებში არიან, მედიკამენტების გარეშე. კატასტროფული მდგომარეობაა სასმელ წყალთან და საკვებთან დაკავშირებით. მათი სასწრაფოდ გადარჩენაა საჭირო , “- აცხადებენ მარიუპოლის საკრებულოში.
ამასთან, ქალაქის საკრებულო ავრცელებს ფოტოებს, რომელზედაც „აზოვსტალის“ ერთ-ერთი თავშესაფრის საავადმყოფოში მყოფი დაჭრილები არიან ასახული.
“საშინელი ფოტოებია,მაგრამ მსოფლიომ უნდა იცოდეს რა ხდება. 24 საათის განმავლობაში რუსული არმიის ცეცხლის ქვეშ. განუწყვეტლივ”, – აცხადებენ საკრებულოში.