23 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, სპორტის სასახლესთან, საშობაო ბაზრობაზე, ბორჯომიდან ჩამოტანილი დამწვარი ნაძვის ხეები იქნება გამოფენილი. გამოფენის ორგანიზატორების ცნობით, გამოფენა კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” და “ტრიპექსის” სოციალური აქციაა, რომელიც ბორჯომის დამწვარი ტყე-პარკის აღდგენის მიზანს ატარებს.
„სტიქია, რომელიც ამ ზაფხულს ქართულ ტყეებს დაატყდა თავს და 1000-მდე ჰექტარი გაანადგურა, თითქოს ყველამ უკვე დაივიწყა. პრობლემამ აქტუალურობა დაკარგა, თუმცა მის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართვა კვლავ მნიშვნელოვანია.
დროა, ბუნების გადასარჩენად კიდევ ერთი საახალწლო ტრადიცია დავნერგოთ – ამ ახალ წელს ლამაზი ნაძვის სახლში დადგმასთან ერთად, ერთი ნამდვილი ხეც დავრგოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება!
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ვებ საიტი – borjomistvis.ge, სადაინაც ხეების დარგვა მარტივად არის შესაძლებელი – მაუსის ორი დაწკაპუნებით შესაძლებელია დარგო ნაძვის ხე ბორჯომის ხეობაში და აჩუქო ის მეგობარს, ოჯახს ან საკუთარ თავს. სპორტის სასახლესთან საშობაო ბაზრობაზეც ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან დარგოთ ხე ბორჯომის ხეობაში“, – აცხადებენ ორგანიზატორები.