ლელოს ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლმა ვატო სურგულაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.
სურგულაძე აღნიშნავს, რომ პროტოკოლის მუდმივი ცვლილება პრობლემური საკითხია.
ის მიიჩნევს, რომ პროტოკოლის შეცვლას, ჯობდა ჯანდაცვის სამინისტროს გაეძლიერებინა ოჯახის ექიმის მიმართულება. ამასთან, მან განმარტა, თუ როგორ უნდა ჩაერთოს ოჯახის ექიმი კორონავირუსთან ბრძოლაში.
“პროტოკოლის მუდმივი ცვლილება რომ მიდის ეს არის სწორედ პრობლემატური, მე არ მიმაჩნია სწორედ რომ 12 დღის განმავლობაში ადამიანი თვითიზოლაციაში უნდა იყოს და ამავე დროს არ კეთდებოდეს ტესტირება.
ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლაცაა-ადამიანი დაიწყებს სიცხის გაზომვას ყოველ ნახევარ საათში, მიმაჩნია, რომ რაც იყო ძველი პროტოკოლი უნდა დაბრუნდეს, ტესტირება უნდა ჩატარდეს და ამასთან, მუდმივი ზედამხედველობა განხორციელდეს.
ზედამხედველობას უნდა აწარმოებდეს ოჯახის ექიმი. სამწუხაროდ, ეს სისტემა ჩვენთან არ არის განვითარებული და იმის ნაცვლად რომ ზაფხულში გაგვეძლიერებინა, ჩაგვეტარებინა ტენინგები ამ მიმართულებით არაფერი არ ჩატარებულა, თუ ტარდებოდა ეს იყო ონლაინ-ტრენინგები, რომელსაც დიდი შედეგი არ ჰქონია, იმიტომ რომ ვერ ვამოწმებდით ნასწავლის შედეგს.
კითხვაზე, თუ როგორ უნდა ჩაერთოს ოჯახის ექიმი პროცესებში, ვატო სურგულაძე გვპასუხობს, რომ პაციენტს და ექიმს უნდა ჰქონდეს ყოველდღიური კონტაქტი.
“ყოველდღიურად სასტუმროებში კი არ უნდა ვიხადოთ უზარმაზარი თანხა, უნდა დავუმატოთ ოჯახის ექიმებს სიმბოლური კი არა, სერიოზული თანხა. ყოველდღიურად ოჯახის ექიმმა უნდა დარეკოს პაციენტთან 2-ჯერ მაინც, იკითხოს მდგომარეობა, როგორ არის, როგორ გრძნობს თავს, რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, ხომ არ დაემატა რაიმე სიმპტომი, ეს უნდა ხდებოდეს მუდმივად და არა 12 დღეში ერთხელ. ამის გაკეთება შეიძლება და ამაში არანაირი სირთულე არ არის, თითო ოჯახის ექიმზე არც ისე ბევრი პაციენტი გვეყოლება. მუდმივად ოჯახის ექიმის კონტროლის ქვეშ იქნება ხალხი,”-განაცხადა “ფორტუნას” ეთერში ვატო სურგულაძემ.