LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასტუმროს ადმინისტრაციამ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად და ვითარების დეესკალაციისთვის მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენა“ – „აგარანის მამული“ ქორწილში მომხდარ ინციდენტზე დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

247
აგარანის მამული

თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „აგარანის მამული“ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სასტუმროს ადმინისტრაცია აცხადებს, პოლიცია სასტუმროს ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე გამოიძახა.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციამ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად და ვითარების დეესკალაციისთვის მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სასტუმრო „აგარანის მამულის“ სახელით გვსურს, 18 ივლისს მომხდარ სამწუხარო ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია.

ვაცნობიერებთ აღნიშნული ინციდენტით საზოგადოებაში გამოწვეულ ძლიერ ემოციებს. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული და ამ რეალობის მიმართ სასტუმროს ადმინისტრაციის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი და უცვლელია. ასევე, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია საქართველოს სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების უპატივცემულობა.

18 ივლისს სასტუმროს ტერიტორიის ნაწილი, განთავსების მოცულობის დაახლოებით ერთი მესამედი, დათმობილი ჰქონდა საქორწინო ღონისძიებას. აღნიშნულ დღეს სასტუმრო თითქმის სრულად იყო დატვირთული, ხოლო სხვა სტუმრები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი სასტუმროში საქორწინო ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ.

დაახლოებით 20:16 საათზე საქორწინო ღონისძიების მონაწილეებსა და სასტუმროს სხვა სტუმრებს შორის დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. სასტუმროს ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ ქორწილის სტუმრები იყურებიან სასტუმროს ზედა სართულების მიმართულებით და მიუთითებენ გარკვეულ გარემოებაზე. დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმის ფაქტი.

ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სასტუმროს პერსონალი და უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და ეცადა კონფლიქტური სიტუაციის განეიტრალებას.

20:20 საათზე, სიტყვიერი დაპირისპირების დაწყებიდან დაახლოებით ოთხ წუთში, სასტუმროს თანამშრომლები ავიდნენ შესაბამის სტუმრებთან ნომერში. ისინი 20:26 საათამდე იმყოფებოდნენ სტუმრებთან და ცდილობდნენ ვითარების განმუხტვასა და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას.

სტუმრებთან კომუნიკაციის შემდეგ, დაახლოებით 20:28 საათზე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საქორწინო ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სასტუმრო გეგმავდა სტუმრების ალტერნატიულ ნომერში გადაყვანას, რათა მხარეებს შორის ვიზუალური ან სხვა კონტაქტი აღკვეთილიყო.

20:30-დან 20:37 საათამდე სასტუმროს მიმღებ დესკზე მიმდინარეობდა ალტერნატიული ნომრის მოძიება. ამავე პერიოდში სასტუმრო დაუკავშირდა აღნიშნული სტუმრების თანმხლებ გიდს, აცნობა შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ და სთხოვა სასტუმროში მისვლა. განიხილებოდა სტუმრების სასტუმროდან სხვა სასტუმროში გადაყვანა.

20:39 საათზე სასტუმროს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სამართალდამცავი ორგანოების გამოძახების შესახებ – განხორციელდა ზარი 112-ში. შესაბამისად, პოლიცია სასტუმროს ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე გამოიძახა.

20:40 საათზე უსაფრთხოების თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ საქორწინო ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე ლიფტით ზედა სართულზე ავიდა. მას მყისიერად გაჰყვა სასტუმროს თანამშრომელი, თუმცა სანამ ლიფტი დაბრუნდა, და თანამშრომელი ავიდა მე-3 სართულზე, 20:42 საათისთვის ფიზიკური დაპირისპირება უკვე მომხდარი იყო.

ფიზიკური ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სასტუმროს ადმინისტრაციამ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

20:55 საათზე სასტუმროში მოვიდა სტუმრების თანმხლები გიდი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

21:09 საათზე სასტუმროში მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად და ვითარების დეესკალაციისთვის მის ხელთ არსებული შესაძლებლობები გამოიყენა. პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც მხარეებს შორის კონტაქტის აღკვეთასა და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობდნენ.

სასტუმრო თანამშრომლობს გამოძიებასთან. სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა სასტუმროს ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

ამავე დროს ვაცნობიერებთ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, ინციდენტის თავიდან აცილება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია სასტუმროს განცხადებაში.

თელავში, სასტუმროში „აგარანის მამული“ ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მას ბრალდების დადგენილება საგამოძიებო უწყებამ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო.

ჭიღლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლო სხდომაზე 5 000 – ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.

თელავის რაიონული სასამართლო ჭიღლაძის აღკვეთ ღონისძიებაზე სავარაუდოდ 21 ივლისს იმსჯელებს.

ცნობისთვის, ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა.

ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ ტურისტებს შორის სიტყვიერი გაუგებრობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც.

შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენაზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები