LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასულიერო პირს სოლიდარობის აქციაზე არ უშვებდნენ: „ადამიანების მთელ რიგ სპექტრს ვერ წარმოუდგენია, რომ მღვდელი იყოს სოლიდარული ჩაგრულთა და დევნილთა მიმართ…“

52
zazatevzadzenews

სასულიერო პირი ზაზა თევზაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ სტატუსს, საიდანაც ირკვევა, რომ როდესაც ის ოჯახის წევრებთან ერთად სოლიდარობის აქციაზე მივიდა, მას პატრული დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდა პარლამენტის წინ, ხოლო ჟურნალისტებმა ქოლგაზე ჰკითხეს, ხომ არ გამოიყენებდა მას იარაღად, შემდეგ კი იქ შეკრებილმა მოქალაქეებმაც უხეშად მიმართეს.

ზაზა თევზაძე:

„სოლიდარობის აქციაზე.

გუშინ, ექვს ივლისს, ჯანსაღი სამოქალაქო ძალების მიერ  დაანონსებულ აქციაზე მე და ჩემი ოჯახის წევრებმა მოვალედ ჩავთვალეთ თავი, შევერთებოდით ამ აქციას და გამოგვეხატა ჩვენი წილი სოლიდარობა გასული დღის ძალადობის მსხვერპლთა  მიმართ  და ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგის მოშლს გამო და დაგვეგმო ყველა ის სიმახინჯე, რაც 5-მა ივლისმა ამოყარა ზედაპირზე, მეტსაც ვიტყვი, იმდენად შევწუხდი, რომ ჩემი „ფეისიდანაც“ მოვუწოდე ყველა კეთილსინდისიერ ადამიანს, შემოერთებოდნენ ამ აქციას.

ჩემი შეზღუდული ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის მიუხედავად, ასევე მოვიქეცი; 1978 წლიდან მოყოლებული, ყველა ქარიშხლისათვის, რამაც რუსთაველზე ჩაიარა, გვერდი არ ამივლია და მსგავსი რამ არ მახსენდება; იქ დამხვდნენ პოლიციელები სხვადასხვა სორტის, რომლებიც წინ გადამეღობნენ და არას დიდებით არ მრთავდნენ ნებას, შევერთებოდი შეკრებილ საზოგადოებას. მეუბნებოდნენ, აქ ვერ შეგვშვებთ, თქვენი ადგილი არაა აქ, შეიძლება გესროლნო, დამიჯერეთ, ეს თქვენი აქცია არაოო, შემოუარე და შემოუარეო… რას შემოუარო, პანაშვიდზე კი არ მოვსულვარ-მეთქი. დამერწმუნეთ, კარგად ვიცი, სადაც ვარ და რატო ვარ-მეთქი და როგორც იქნა,  მოვხვდი ამ აქციაზე, გავიარეთ ცოტა და იწყება ჩემი გმობა მოქალაქეების მხრიდან, როგორ არ გრცხვენია, როგორ ბედავ, კიდევ აქ მოხვიდეო; ცოტა გავიარე, იქნებ ჩემს ნაცნობ-მეგობრებს გადავაწყდე მეთქი, საიდანღაც გამოვიდა სხვადასხვა ჩინოსან პოლიციელთა ჯგუფი და ძალადობრივი აგრესიულობით გამომაძევეს კორდონით შემოზღუდული სააქციო სივრციდან, პარლამენტს შენობის მარცხენა მხარეს პირველი სკოლისკენ, ისევ – თქვენ მანდ არ უნდა იყოთ და მიმათრევდნენ (ოჯახის წევრებსაც) ხელებგადაგრეხილს ჩემზე ზრუნვის მოტივით, ახლა კიდევ ერთი ჯგუფი  ჟურნალისტების ამგვარი კითხვებით:  (მოსალოდნელი წვიმის გამო ხელში ქოლგა მეჭირა), აქ რა გინდათ, რისთვის მოხვედით, ეს ქოლგა რისთვისაა?იარაღია? და მსგავსი სულელური კითხვები. საბოლოოდ  ბრძოლა- დავიდარაბის და ჩემი მეგობრებს დახმარებით, შეგვიშვეს პარლამენტის წინ.

ამას არ დავწერდი, არ მოვცდებოდი ამაზე, რომ ამ პატარა ინციდენტის მიღმა დიდი უბედურება არ იმალებოდეს და კერძოდ, ადამიანების მთელ რიგ სპექტრს ვერ წარმოუდგენია, რომ მღვდელი იყოს სოლიდარული ჩაგრულთა და დევნილთა მიმართ, ესმოდეს რელიგიური,  პოლიტიკური თუ სოციალური კულტურის აუცილებელი ნორმები, იყოს უმცირესობათა დამცველი და ქომაგი. მათ თვალში წარმოადგენ თალიბანურ და ბრუტალურ ძალას.  ასე ფიქრობს რიგითი მოალაქეების დიდი ნაწილი, ასე ფიქრობენ სამართალდამცავები სხვადასხვა ჩინის და ასე ფიქრობს როგორც ჩანს, ასევე ჟურნალისტთა კორპუსის  ნაწილი და რაც  მთავარია, ასე ფიქრობს  საპატრიარქოსა და ხელისუფლების დიდი ნაწილი. აი, ეს არის იმ ტრაგედიის მცირე ნაწილი, რაც დაფარულია ჩვენი ხალხის ცნობიერებაში და თავს  ნუ მოვიტყებთ, ასეთ  საქართველოს ხვალინდელი.  დღე არ აქვს!

PS . მოხარული დაგრჩებით, თუ ჩემს ასეთ დიაგნოზს არგუმენტირებულად გააბათილებთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g