ონლაინ აუქციონზე Bring a Trailer უჩვეულო ლოტი გაიყიდა – საუბარია ლეგენდარული Ferrari Daytona SP3-ის მასშტაბურ მოდელზე, რომელიც კოლექციონერმა 19 500 დოლარად შეიძინა. ეს თანხა იმდენად მაღალია, რომ სრულფასოვანი ავტომობილის ფასს უტოლდება.
მოდელი იტალიურ Ferrari-ს არ დაუმზადებია. მისი ავტორია ბრიტანული კომპანია Amalgam, რომელიც მაღალი სიზუსტის საკოლექციო ავტო მოდელებითაა ცნობილი. მინიატიურული Ferrari 1:8 მასშტაბითაა შესრულებული და დაახლოებით 58 სანტიმეტრის სიგრძისაა.
საინტერესოა, რომ ეს მოდელი ორიგინალ ავტომობილზე უფრო იშვიათიც კი აღმოჩნდა. თუ ნამდვილ Ferrari Daytona SP3-ს მხოლოდ 600 ეგზემპლარი დამზადდა, Amalgam-ის მიერ შექმნილი მოდელის ტირაჟი 199 ერთეულს შეადგენს.


მოდელის შექმნისას გამოყენებული იყო Ferrari-ს ოფიციალური ნახაზები და ციფრული მონაცემები, ხოლო თითოეული ეგზემპლარი ხელით არის აწყობილი. განსაკუთრებული ყურადღება დეტალებს დაეთმო, ზუსტადაა გამეორებული სალონის დიზაინი, სახურავის პანელები, ხოლო ძრავის განყოფილებაში მოთავსებულია ორიგინალური ავტომობილის 840 ცხენისძალიანი V12 ატმოსფერული ძრავის მინიატიურული ასლი.

Amalgam-ის მოდელები კოლექციონერებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს, თუმცა ამ კონკრეტული Ferrari-ს ფასი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზოგჯერ სათამაშო ავტომობილიც შეიძლება ნამდვილ მანქანაზე ძვირი ღირდეს.
