საუდის არაბეთის დელეგაცია საქართველოს აგრარულ პოტენციალს ეცნობა. საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში პირველად იმყოფებიან. ვიზიტი ერთკვირიანია, რომლის ფარგლებში მხარეები საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს გაეცნობიან და ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დელეგაციის წევრები დაათვალიერებენ და გაეცნობიამ ინფრასტრუქტურას ვეტერინარიის კუთხით, რადგან საუდის არაბეთში გადის ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი -ცხვარი. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით მიმდინარე საქმიანობას
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჯიღაურაში სასოფლო-სამეურნეო ბაზის, ქვეყნის მასშტაბით სანერგე მეურნეობების, ფერმებისა და საწარმოების დათვალიერებაც.
საუდის არაბეთის გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია. აღნიშნულ ბაზარზე ქართული აგრარული პროდუქციის გატანის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის, ნაჯრანის მებაღეობის კვლევითი ცენტრის, მცენარეთა დეპარტამენტის, ცხოველთა კარანტინის განყოფილების, ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
