LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო სუვენირები ევროპიდან – რჩევები მოგზაურებს

1019

რა თქმა უნდა, უცხოური ვოიაჟიდან სამახსოვრო სუვენირის გარეშე არავინ ბრუნდება.

თუ მაცივარზე ადგილი აღარ გაქვთ ტრადიციული მაგნიტისთვის, ბანალური მაისური ქალაქის სახელით კი, დიდი ხანია მოგბეზრდათ, მაშინ დროა მოიძიოთ ახალი და კოლორიტული ნივთები, რომელთა შეძენა ყოველთვის თავისუფლად შეიძლება ეპროპულ ქალაქებში.

გერმანია, მასსი – გერმანელებმა მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი ლუდის სიყვარულით, რომელსაც ზაფხულში უზარმაზარი შუშის კათხით – მასსით მიირთმევენ. თუ მიუნხენში გეგმავთ მოგზაურობისას, აუცილებლად შეიძინეთ ტრადიციული სუვენირი ცნობილი  ლუდის ქარხნის ლოგოტიპით.

იტალია, ტყავის ნაწარმი – იტალია იდეალური ქვეყანაა ტყავის ნაწარმის შესაძენად, რადგან ბრენდულ ბუტიკებსა და ჩვეულებრივ ბაზრობებზე ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების ყოველთვის დიდი არჩევანია. თუ ფლორენციაში აპირებთ გამგზავრებას, პოპულარულ ბაზრობას „სან ლორენცოს ესტუმრეთ, სადაც აუცილებლად შეარჩევთ იდეალურ ტყავის „სუვენირს“.

ხორვატია, თაფლიკვერი – „რაინდის გულად“ წოდებული თაფლიკვერის შეძენა ხორვატიის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება. სხვათაშორის, გულის ფორმის კაშკაშა წითელ ნამცხვარს, ხორვატები შუასაუკუნეებშიც ინტენსიურად აცხობდნენ, მერე კი, საშობაო ნაძვის ხეს რთავდნენ.

ნიდერლანდები, დელფტის ფაიფური – თეთრ და ლურჯ ფერებში გაფორმებული ფაიფურის ნაწარმი – დელფტი, რომელმაც ქალაქის პატივსაცემად მიიღო სახელი – მართლაც საუკეთესო სუვენირია ჰოლანდიიდან. სხვათაშორის, უნიკალური ნაკეთობის წარმოება დელფტში მე-16 საუკუნეში დაიწყო, როცა ქალაქში 33 ქარხანა მუშაობდა, დღეს კი, მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს, თუმცა ულამაზესი ორნამენტით მოხატული თეფშების, თასების და სხვა დეკორატიული ნივთების შეძენა ჰოლანდიის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება.

ავსტრია, მოცარტქუგელი – შოკოლადის კანფეტი მარციპანის შიგთავსით, რომლის რეცეპტი ადგილობრივ კონდიტერს პაულ ფრიუსტს ეკუთვნის, პირველად 1890 წელს მომზადდა ზალცბურგში და უდიდეს კომპოზიტორს ვოლფგან ამადეუს მოცარტს მიეძღვნა. ავსტრიაში მოგზაურობისას აუცილებლად ისიამოვნეთ უგემრიელესი შოკოლადით და ახლობლებსაც გაასინჯეთ მისი არაჩვეულებრივი გემო.

რუმინეთი, ხის კოვზი – მართალია, ხის კოვზები საკრალური სიმბოლოებით მხოლოდ დეკორატიული სუვენირია, მაგრამ მისი გამოყენება პირველადი დანიშნულებითაც თავისუფლად შეიძლება.

ესპანეთი, მარაო – სადაც ესპანეთია – იქ ფლამენკოა და სადაც ფლამენკოა – იქ მარაოც აუცილებლად იქნება! შეიძინეთ ხელით მოხატული მარაო და გაამრავალფეროვნეთ საკუთარი ინტერიერი კოლორიტული ეპანური სუვენირით.

თურქეთი, ყავა – თურქეთში ყავას, რომელმაც თავისი სიტკბოთი და სიძლიერით გაითქვა სახელი, ტრადიციულად სპილენძის ჭურჭლით მიირთმევენ. ასე რომ, თუ გსურთ სრულად იგრძნოთ არაჩვეულებრივი არომატი, ყავასთან ერთად სპილენძის ფინჯანიც შეიძინეთ.

პოლონეთი, ქარვის ნაწარმი – პოლონეთის ქალაქ გდანსკში უამრავი ბუტიკია, სადაც ქარვის უნიკალურ ნაკეთობის შეძენა შეიძლება. ამასთანავე, სწორედ აქ ეწყობა საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც უამრავი იუველირი სტუმრობს საკუთარი ნაწარმის წარმოსადგენად.

შვედეთი, დალეკარის ცხენი – კაშკაშა ფერებში შეღებილი ცხენის ფიგურა, რომელიც შვედეთის არაოფიციალურ სიმბოლოდ ითვლება, ადგილობრივების დეკორის ტრადიციული ელემენტი და ტურისტების საყვარელი სუვენირია.

პორტუგალია, პორტვეინი – საერთაშორისო მარკეტინგული კანონის თანახმად, მხოლოდ პორტუგალიის აღმოსავლეთში, მდინარე დორუს ხეობაში მოწეული ყურძნით დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელს შეიძლება ეწოდოს „პორტვეინი“. ასე რომ, თუ პორტუგალიაში აპირებთ გამგზავრებას, ხელიდან არ გაუშვათ ნამდვილი პორტვეინის დაგემოვნების შანსი.

საბერძნეთი, მატე – ბერძნებს სჯერათ, რომ ცისფერი მატე („ბოროტი თვალი“) თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, საუკეთესო თილისმაა ბოროტი ძალისგან დასაცავად.

საფრანგეთი, კამამბერი – მართალია, ბაგეტი ვერ გაუძლებს შორ მანძილზე „მოგზაურობას“, მაგრამ ნორმანდიაში დამზადებული ნაღების უგემრიელესი ყველი საუკეთესო სუვენირია ნებისმიერი გურმანისთვის.

შვეიცარია, შოკოლადი – ქვეყანაში, სადაც რიგითი მოქალაქე წელიწადში საშუალოდ 10 კილოგრამ შოკოლადს მიირთმევს, უამრავი საკონდიტრო ფაბრიკაა და თითოეული მხოლოდ ინდივიდუალური ტექნოლოგიით ამაზადებს უგემრიელეს ნუგბარს. შვეიცარიაში მოგზაურობისას არ დაგავიწყდეთ შეიძინოთ Lindt-ის ბრენდის ნაწარმი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებში.

ნორვეგია, ნაქსოვი სვიტერი – გასაკვირი არაა, რომ მკაცრ კლიმატს ჩვეული ნორვეგიელები უმაღლესი ხარისხის შალის სვიტერების ქსოვის ნამდვილ ოსტატებად ითვლებიან, Dale of Norway კი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც 1800-იან წლებში დაარსდა და არა მხოლოდ მოხდენილი, არამედ კომფორტულ სამოსის, მათ შორის თბილი სვიტერების კოლექციებითაც გაითქვა სახელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g