LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდი: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს ხელფასების ზრდა

85

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვა დაასრულა.

ფონდის ინფორმაციით,  საქართველოს ეკონომიკა იზრდება, 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, ქვეყნის საგარეო პოზიცია გაუმჯობესდა.

ამა წლის 6 დეკემბერს, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას, ფორმალური სხდომის ჩატარების გარეშე (on a lapse of time basis. 1 ) ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ესდეერი (SDR) (დაახლოებით 42.4 მილიონი აშშ დოლარი). შედეგად, მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვა 60 მილიონ ესდეერს (84.8 მილიონ აშშ დოლარს) მიაღწევს. “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი”, 210.4 მილიონი ესდეერის მოცულობით (დაახლოებით 297.5 მილიონი აშშ დოლარი, ანუ საქართველოს ქვოტის 100%), სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ამა წლის 12 აპრილს დაუმტკიცა (იხილეთ პრეს რელიზი Press Release No. 17/130 ). საქართველოს პროგრამა გეგმის მიხედვით მიმდინარობს. შესრულებულია 2017 წლის ივნისისთვის პროგრამით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმი.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში ამბობენ, საქართველოში ეკონომიკურმა აქტივობამ იმატა, სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური ზრდის აჩქარების ფონზე. მოსალოდნელზე მაღალი ფისკალური მაჩვენებლები და სტრუქტურული გამოწვევების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა ნდობის ამაღლებას უწყობს ხელს.

”საქართველოს ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა რისკები კვლავაც არსებობს. ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი ძლიერდება, 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, ქვეყნის საგარეო პოზიცია გაუმჯობესდა. გეგმის გადაჭარბებით მიღებული შემოსავლებით გაჩნდა შესაძლებლობა დაფინანსდეს მეტი კაპიტალური ხარჯი და მოხდეს დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურება 2017 წელს. საბანკო სექტორი რჩება ლიკვიდური, მომგებიანი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სიფრთხილე და განაგრძოს რეფორმები, რომლებიც მიმართულია ზრდის ხელისშემშლელი სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრისკენ.

2018 წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალურ კონსოლიდაციას. ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, თუმცა კაპიტალური ხარჯი იზრდება. ამის მისაღწევად უნდა გაგრძელდეს შემოსავლების ადმინისტრირების გაძლიერება, განსაკუთრებით, თავიდან იქნას აცილებული დღგ-ს ზედმეტობების დაგროვება. ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს მიმდინარე ხარჯების, მაგალითად ხელფასების, ზრდა; გააუმჯობესოს სოციალური პროგრამების მიერ მიზნობრივი ჯგუფების წვდომა; შეამციროს სუბსიდიები და სახელმწიფო საწარმოებისთვის კაპიტალის მიწოდება.

საშუალოვადიანი ფისკალური მიზნები, მათ შორის ინსტიტუციონალური ფისკალური რეფორმები, უნდა შესრულდეს პროგრამით გაწერილ ვადებში. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე განაგრძოს ხარჯვა მაღალპრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. საჯარო ინვესტიციების მართვის უკეთესი ჩარჩო მიეხმარება ხელისუფლებას უკეთესად განაგონ საჯარო ფინანსები. ხელისუფლების განზრახვა იმის შესახებ, რომ სრულყოფილად შეაფასონ და დააკვირდნენ ფისკალურ რისკებს, უნდა აისახოს 2018 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების დანართში.

საბიუჯეტი პროცესების და ფისკალური ანგარიშგების გასაუმჯობესებლად იგეგმება ფისკალური აგრეგატების მომცველობის და აღრიცხვიანობის ზრდა; მათში საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების ფინანსების ასახვა, ფისკალური წესებთან შესაბამისობის დადგენა, რაც გააუმჯობესებს ფისკალურ გამჭვირვალობასა და ანგარიშგებას.

მონეტარული პოლიტიკა მართებულად ფოკუსირებული რჩება ფასების სტაბილურობაზე, რაც მხარდაჭერილია მცურავი გაცვლითი კურსით და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა არსებული ვითარების შესაფერისია, თუმცა ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს დაკვირვება ფინანსური სექტორის განვითარების, მათ შორის სესხების ზრდის მიმართულებით. საქართველო კარგად იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს მცურავ გაცვლით კურსთან ერთად. სავალუტო ინტერვენციების გამოყენების არსებული პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს და მიმართული უნდა იყოს მხოლოდ გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის თავიდან ასაცილებლად და რეზერვების დასაგროვებლად. საქართველოს ეროვნული ბანკის ნაბიჯები ლიკვიდობის მართვის, ეკონომიკის დედოლარიზაციის და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით აძლიერებს მონეტარულ ჩარჩოს.

მისასალმებელია მონეტარული ხელისუფლების ქმედებები ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით. შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები სათანადოდ გააფართოებს ცენტრალური ბანკის როლს არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების და საკრედიტო ბიუროების რეგულირებასა და ზედამხედველობაში, გააძლიერებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს და უზრუნველყოფს ბანკების ზედამხედველობას კონსოლიდირებულ დონეზე. ასევე შექებას იმსახურებს ხელისუფლების მცდელობა გააუმჯობესოს კრიზისულ სიტუაციებში ლიკვიდობის მხარდაჭერის საკანონმდებლო ჩარჩო.

სტრუქტურული რეფორმების გატარებაზე მიმართული ღონისძიებები მნიშვნელოვანია მაღალი და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად. ინფრასტრუქტურის დახვეწა და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება გააუმჯობესებს ზრდის პერსპექტივებს. გაკოტრების შესახებ ახალი კანონი არასაფინანსო კორპორაციებისთვის და ბიზნეს სახლი ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. საპენსიო რეფორმის საფუძველზე გაიზრდება ეროვნული დანაზოგების ხელმისაწვდომობა, რაც წაახალისებს ინვესტიციებს, კონტრიბუციის სახით მიღებული თანხების მობილიზირების შემთხვევაში. კაპიტალის ბაზრების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობის გზით, წაახალისებს კაპიტალის დაგროვებას. შემდგომი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განათლების რეფორმის პროგრესს”, – აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g