LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სავარაუდოდ, იქაც [ევროპაშიც] მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ.. დაე დავსანქცირდე“ – ირაკლი ზარქუა

143
ირაკლი ზარქუა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ზარქუა ეხმაურება.

„თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება“ – რა შესაძლო ზომებზე საუბრობს ჯოზეფ ბორელი

მისი განცხადებით, ამ დრომდე არავისგან მიუღია პასუხი მმართველ გუნდს, რატომ არ უნდა მიეღო პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

ირაკლი ზარქუა ვარაუდობს, რომ „სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ევროპაშიც მიიღეს“.

„რომელიმე მათგანი თუ გამოვა ან ელჩი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ის კი არა, აქ გათხოვილი კაცები რომ გვიწყობდნენ მიტინგებს და [მასში] მონაწილეობდნენ. ეს პროტოკოლის დარღვევა იყო, მიუღებელია, არაფერში ჯდება, არანაირ ურთიერთობაში ქვეყნებს შორის, რომ ოპოზიციის მიერ მოწყობილ ანტიქართულ მიტინგზე რომელიმე ქვეყნის ჩინოვნიკი გამოვიდეს. მიუღებელია ეს მაგრამ ცალკეა, დაფინანსებულია. დაკვეთა და შესაბამისი დირექტივა მიიღეს და ის გააკეთეს. ალბათ ვინც ესწრებოდნენ ისინიც მსხვერპლნი იყვნენ. საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც იკრიბებიან თუ რომელიმე გვეტყვის, რომ ის კანონი, რომელიც თავად მიიღეს ფრანგებმა, თავიანთ ქვეყანაში ამუშავებენ კანადელები, ამერიკას ჩვენზე გაცილებით მკაცრი აქვს და აგენტების რეესტრი ჰქვია, რომელიმე თუ გვეტყვის, რომ ამ პატარა ქვეყანას, რომლის მიმართაც ძალიან დიდი ინტერესია ყველა მხრიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, რატომ არ აქვს უფლება, რომ უბრალოდ ასჯერ უფრო მსუბუქი კანონი მიიღოს, ამაზე პასუხს თუ მიიღებთ ბორელისგან, დანარჩენი საგარეო საქმეთა მინისტრებისგან, ევროკომისრებისგან, თამამად მოდი და მელაპარაკე.

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ მოეწონა და დაგვასანქცირა. როგორც ამბობენ, არ ვიცი, ჯერ არ გადამიმოწმებია, რომ ჩავალ ამერიკაში გეტყვით სანქციების ქვეშ მოვხვდი თუ არაო. მაგრამ ასე ხომ განაცხადეს. გესმით რა “სამართლიანობის ზეიმთან” გვაქვს საქმე? სავარაუდოდ, იქაც [ევროპაშიც] მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ? თქვენ თუ გაიგეთ, რის გამო? მზად ვართ, თუ მე უნდა დავსანქცირდე, პირადად პრობლემა არა მაქვს. დაე დავსანქცირდე. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში და ის რაც ხდება ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ეგ არის ჯანსაღი გალაწუნება. წესით უნდა გამოფხიზლდეს ევროპა და თავიანთ ეროვნულ ღირებულებებზე გააკეთონ აქცენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში აგერ შედეგი რაც მიიღეს. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებიც მალე გვაჩვენებს თავის შედეგს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები