ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა „კოვაქს პლატფორმიდან“, სავარაუდოდ, ივლისში შემოვა. აღნიშნული განცხადება მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, საქართველოში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხებათ იმუნიზაციის პროცესში ჩართვის მსურველ პირებს, ისინი საკუთარ დოზებს უნდა დაელოდონ.
„შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე რეკავს და ვაქცინა არ არის, მაგრამ მოკლე ხანში გვექნება „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზების შესაძლებლობა, „სინოვაკიც“ დაგვეხმარება, ასევე „კოვაქსიდან“ მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან „ნოვოვაქსი“ და „ჯონსონი და ჯონსონი“ უნდა დაემატოს.
მანამდე პროცესი საკმაოდ აქტიურია. აცრის დღიური 5 ათასი მაჩვენებელი საკმაოდ კარგია. მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციისთვის არიან განწყობილნი, უნდა დაელოდონ საკუთარ დოზას. მეც ველოდები ჩემს დოზას, ჯერ არ გამიკეთებია ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ დაველოდები, ვიდრე მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ იქნება მოცული“, – განაცხადა გაბუნიამ.