31 ოქტომბრის არჩევნებს ბევრი მოუთმენლად ელის. საქართველოში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იბრძოლებს.
მათ შორის არის „პროგრესული საქართველო“. აღნიშნულ პარტიას კარგად ესმის, რომ ხმების დიდი რაოდენობით პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა ფიქრობენ, რომ თუ ქვეყნის მთავარი ტრიბუნიდან საკუთარ მოსაზრებებს ხმამაღლა გააჟღერებენ, ეს ქვეყანას მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება.
„ფორტუნა“ “პროგრესული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიორგი კვაბზირიძეს ესაუბრა.
პარტია თანამოაზრეებმა დაახლოებით ერთი წლის წინ შევქმენით, რადგან არ გვინდა, მობრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და არ მოგვწონს არც „ქართული ოცნების“ რვა წელი.
დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო გაცილებით მეტს იმსახურებს.
ჩვენს პროგრამაში 3 ძირითადი პუნქტია.
1. ქვეყანაში მთავარი პრობლემა შიმშილია. ადამიანებს შიათ და არ იციან ოჯახის წევრებსა და შვილებს რა აჭამონ. ამის აღმოფხვრა შესაძლებელია. მოსახლეობას გარკვეული ეკონომიკური ბიძგი უნდა მივცეთ. ამისთვის სწრაფი ეკონომიკური დარტყმაა საჭირო და სახელმწიფო ქონების უსასყიდლო განკერძოება. ეს არაფერ კავშირში არაა პრივატიზაციასთან. დაახლოებით 2 მილიონის ქონება არის სახელმწიფო მფლობელობაში, რომელიც ეკონომიკის წარმოებაში არ მონაწილეობს. ესენია მიწები, წიაღისეული და შენობები. ძალიან ბევრი ქონებაა, რომელიც უბრალოდ არსებობს და მას უბრალოდ ხელს არავინ კიდებს. ჩვენ ამას თანაბრად გადავანაწილებთ მოსახლეობაზე მათივე ინტერესების გათვალისწინებით.
2. ქვეყანამ ლარზე უარი უნდა თქვას. საქართველოში მიმოქცევაში უნდა შემოვიტანოთ ევრო. თუკი გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და ეს გაცხადებულია უკვე წლების განმავლობაში. ევროკავშირის დებულებაში კი წერია, რომ თუ გვინდა მათთან, უნდა გადავიდეთ ევროზე. ევროზე გადასვლას აქვს რამდენიმე წინაპირობა. რასაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს.
ეროვნულ ბანკს დაბალი საპროცენტო განაკვეთი უნდა ჰქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სესხი უნდა იყოს იაფი. გაცვლითი კურსი უნდა იყოს სტაბილური. ეს მოსახლეობისთვის კარგი იქნება და ბანკირებისთვის და მთავრობისთვის ცუდი, რადგან არასტაბილური კურსის გამო ისინი მოგებას ნახულობენ. ევროზე ქვეყანა თანდათან უნდა გადავიდეს. ეს მალე ვერ მოხდება, მაგრამ ამაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ.
3. საოლქო და რაიონული პოლიციის უფროსების და პროკურორის არჩევითობა უნდა ხდებოდეს. იმიტომ რომ ვხედავთ სამართალდამცავ ორგანოში რა პრობლემებია. როდესაც მათ ეცოდინებათ, რომ პასუხისმგებლები არიან მოქალაქეების წინაშე და არა მინისტრის წინაშე, დამიჯერეთ, სულ სხვა სამართალდამცავ სისტემას მივიღებთ. ეს სისტემა წარმატებით მუშაობს ამერიკასა და ბევრ სხვა ქვეყანაში.
31 ოქტომბერს რა მოლოდინები აქვს პარტიას?
პარტიაში ვართ პრაგმატული და რეალისტი ადამიანები. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისეთ პროცენტს ავიღებთ, რომელიც გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ თუნდაც მცირე წარმომადგენლობით 1 ან 2-3 კაცით შევიდეთ პარლამენტში. პარლამენტში შესვლის თვითმიზანი პარლამენტარობა არაა. ამ შემთხვევაში გვინდა, ეს პროგრამა განვახორციელოთ და პარლამენტში შესვლა, თუნდაც მცირე წარმომადგენლობით, ნიშნავს, მთელი საზოგადოება დაინახავს, რომ ეს პუნქტები სწორია. ანუ გვინდა, ხმამაღლა გაცხადების ტრიბუნა გვქონდეს იმ პრობლებისა და ხედვების, რაც გვაქვს.
არჩევნების პროგნოზს ვერავინ გამოიცნობს.
1 ნოემბერს სხვა რეალობაში გავიღვიძებთ, თუმცა ფაქტია, ადამიანებს ბოლო 30 წელია მობეზრდათ ერთი და იმავე სახეების ყურება.