საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო, ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღრობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ.
ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ ჩანაწერები სწორედ დაპირისპირებას ისახავს მიზნად. რაც შეეხება გამოძიების დაწყების მოთხოვნა, რომლითაც პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართა დღეს პარტია “ლელომ”, მიხეილ ყაველაშვილსთვის გაუგებარია.
„ყოველ კვირას, ყველა ადამიანზე, ვისზეც სჭირდებოდათ ჩანაწერების გამოქვეყნება ხდებოდა. გვეგონა, ეს საშინელება დავამთავრეთ. მამუკა ხაზარაძისგან ძალიან გამიკვირდა, რომელმაც საკითხი დააყენა, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუ ამაზე აქვს აქცენტი გაკეთებული, ხომ არ იცის, რა არის, როგორ არის? როგორ შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით…
რა გამოძიება?- სისულელეა. რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება? როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი? ამათ როგორ უნდა დავუჯეროთ? ერთი დევნილი ან ახალგაზრდა დამისახელეთ, ნაწამები ან არ ვიცი – მოკლული, შევიწროებული ჩვენი ხელისუფლების დროს.
გამოძიება კი არ უნდა დაიწყოს, ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომლითაც უნდათ ავნონ საკუთარ სამშობლოს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“ – განუცხადა ჟურნალისტებს ყაველაშვილმა.
არ მგონია, საკმარისი საფუძველი არსებობდეს – სარჯველაძე ფარული ჩანაწერების გამოძიებაზე
ცნობისთვის, ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები კვლავ დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ლელოში” მიიჩნევენ, რომ გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან დიალოგის წარმმართველი უნდა შეიცვალოს.
შეიტანს თუ არა ოპოზიცია ცვლილებებს საერთო შეთანხმებაში ეს სავარუდოდ, ოპოზიციის დღევანდელი კონსულტაციის შემდეგ გაირკვევა.