საზოგადოებას სჭირდება ძლიერი მედია, ამიტომ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ არ აყვნენ მთავრობის და ეკლესიის მმართველობის მიერ შემოთავაზებულ ფორმას, რომ ეძალადონ ჟურნალისტებს ფიზიკურად, – ამის შესახებ “ფორტუნას” მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ განუცხადა, რომელმაც დღეს მედიის წარმომადგენლებთან ერთად მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები.
ქორიძის განცხადებით, ჟურნალისტები, მათზე რაც არ უნდა ძალადობრივი აქტები განხორციელდეს, ნებისმიერ ვითარებაში დაიცავენ პროფესიულ სტანდარტებს.
“ჩვენი პოზიცია უნდა ვუთხრათ, პირველ რიგში, საზოგადოებას, რომ ჟურნალისტებს აქვთ თავიანთი პროფესიული სტანდარტები, პროფესიული ღირსებები და ისინი, ყოველთვის ნებისმიერ ვითარებაში, მათზე რაც არ უნდა ძალადობრივი აქტები განხორციელდეს, ისინი აუცილებლად დაიცავენ ამ პროფესიულ სტანდარტებს.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საკმაოდ სუსტი იქნება ძლიერი მედიის გარეშე. საზოგადოებას სჭირდება ძლიერი მედია, ამიტომ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ არ აყვნენ მთავრობის და ეკლესიის მმართველობის მიერ შემოთავაზებულ ფორმას, რომ ეძალადონ ჟურნალისტებს ფიზიკურად, დაუზიანონ ტექნიკა და პარალელურად, სოციალურ სივრცეში გააგრძელონ მათი დევნა და შევიწროება.
მეორე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ საქართველოს მთავრობას ვუთხრათ, რომ მან აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ორი დღეა ქვეყანაში ხდება – ეს არის ძალადობის წახალისება და პრაქტიკულად თანხმობა იმაზე, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები გაუსწორდნენ მედიას”,- განუცხადა “ფორტუნას” ზვიად ქორიძემ.
შეგახსენებთ, მედიის წარმომადგენლებმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში უსაფრთხო მედიაგარემოა და ხელისუფლებას ყველა დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდებენ.