საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია “ფორმულას” იუმორისტულ გადაცემა “ფსკერს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
საუბარია 11 აგვისტოს გასულ გადაცემაზე, კონკრეტულად, სკეტჩზე , სადაც “ფსკერის” მსახიობები საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანებსა და ჟურნალისტებს განასახარიებენ და ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წლების განმავლობაში გაცემულ ათეულობით მილიონ ლარს წყალში გადაყრას ადარებენ.
სკეტჩში საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ეთერის ბრენდირებაა გამოყენებული, სწორედ ამ საფუძვლით დაობს პირველი არხი მარეგულირებელში შეტანილ საჩივარში. პირველი არხი მიიჩნევს, რომ “ფორმულამ” საავტორო უფლებები დაარღვია და მარეგულირებელი კომისიისგან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს.
“ფორმულას” ცმობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარში ნათქვამია, რომ:
“იუმორისტულ სკეჩად შეფუთული პირველი არხის გადაცემის ‘ახალი დღე’ უნიჭო იმიტაცია, განზრახ მიმართული იყო მაყურებლის შეცდომაში შეყვანაზე, რადგან პირველი არხის სახელით და არაიუმორისტული ფორმით, გადაცემა “ფსკერის” სახელით გავრცელდა პოლიტიკური კონტექსტის მქონე კონტენტი. ნდობა – ეს არის ერთერთი ღირებულება, რასაც ეფუძნება საზოგადოებრივი მაუწყებელი. სწორედ ამიტომ კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პირველი არხის სახელით ეთერში, თუნდაც ‘იუმორის’ სახით შეფუთული კონტენტის მომზადება და ეთერში გაშვება.”
გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნიკა ქავთარაძეს იმედი აქვს, რომ მარეგულირებელი კომისია საჩივარს იუმორით შეხედავს.
“ეს არის რეალურად მცდელობა იმისა, რომ რაღაც უცნაური შეფუთვით გამოხატვის თავისუფლება შეზღუდონ. ამაშია მთავარი პრობლემა იმიტომ, რომ კომედიაა. ეს არის აქ მთავარი, რომ ეს არის იუმორისტული გადაცემა და შესაბამისად, აქ არ არსებობს შეზღუდვა”, — აცხადებს ნიკა ქავთარაძე “ფორმულას” ეთერში.