კაჭრეთის ,,ამბასადორში” მუსიკალური პროექტის ,,მხოლოდ ქართული” მე-3 სეზონის მე-3 ლაივ-კონცერტი წარმატებით დასრულდა. კონკურსანტებს ამჯერადაც რთულ დავალებასთნ მოუწიათ გამკლავება. მე-3 ლაივი ქალაქური სიმღერების ტურს დაეთმო. მონაწილეებმა, დავით მალაზონიას არანჟირებითა და ვერსიებით, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ჰიტები შეასრულეს. ეს ტური ყველაზე წარმატებული თამთა ხუხუნაიშვილისთვის აღმოაჩნდა. ახალ წლამდე ერთი დღით ადრე კი პროექტს ლიკა ლოლომაძე გამოეთიშა, რომელმაც სიმღერა ,,პატარა ბიჭი დამეკარგა” ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ 15 წლის ლუკა სირაძეს მიუძღვნა.

30 დეკემბრის კონცერტზე რამდენიმე შესრულება განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ ლაშა ნანობაშვილის ნამღერი. მან სიმღერა ,,ისევ მიდიხარ“ შეასრულა. თავად ნიკა გვარამია, რომელიც რა თქმა უნდა კონცერტს ესწრებოდა, კონკურსანტს დარბაზში ფეხზე წამოუდგა და მის ნამღერს აჰყვა. მიუხედავად ყველაფრისა გიორგი გაბუნია ლაშას ნამღერით არ მოიხიბლა და მას 6 ქულა დაუწერა. ჟიურის დანარჩენ წევრებში კი ამ ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია და საკუთარი პირვანდელი გადაწყვეტილება, რომელიც 9 ქულა იყო, სტეფანემ, ლელამ და სოფომ 10 ქულით შეცვალეს.

მაქსიმალური 50 ქულა დაიმსახურა ჟიურისგან პროექტის ერთ-ერთმა ძლიერმა მონაწილემ თამთა ხუხუნაიშვილმა, რომელმაც სრულიად ახლებურად, საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა სიმღერა ,,აჩრდილივით სულ თან დაგდევ”. ნიკა გვარამია სიმღერის დასრულების შემდეგ პირდაპირ სცენისკენ გაეშურა და თამთას ეს გამორჩეული შესრულება მიულოცა. თავად თამთამ კი ცრემლები ვერ შეიკავა.
მის მსგავსად მეორე უმაღლესი ქულა ჟიურიმ გიორგი ძოწენიძისთვის დაწერა. მან სიმღერა ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულა და მაყურებლისა და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა
დიდი თეთრი ვარდების თაიგული პირდაპირ სცენიდან გაუგზავნა ნატო გელაშვილის შვილმა, ლუკა ჭოხონელიძემ მარინა ბერიძეს, რომელმაც მე-3 ლაივ კონცერტზე ,,შენ რა იცი ძვირფასო” შეასრულა. ნიკა გაბუნიასგან მან კომპლიმენტიც დაიმსახურა და აღნიშნა, რომ მისთვის ლუკა ამ კონცერტზე ყველაზე კარგად წარსდგა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსანტების ჩაცმულობაზე ,,მატერიელმა” იზრუნა, სამკაულები კი ნინო სეფიაშვილს ეკუთვნის.
სტეფანე მღებრიშვილი:
არაჩვეულებრივი ტური იყო, მუსიკალურად ძალიან კარგი და სასიამოვნო. ვფიქრობ, რომ თითოეულ მაყურებელს ძალიან მოეწონა და ისიამოვნა.
სოფო ნიჟარაძე:
დღეს ძალიან საინტერესო ლაივი იყო, ბავშვებმა კარგად მოირგეს ეს ტური, ორგანულები იყვნენ. ჟიურის და მაყურებლის გადაწყვეტილება, ქულები და შეფასებები ფაქტობრივად ემთხვევა ერთმანეთს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვცდილობთ ვიყოთ ობიექტურები და მაყურებელთან ვართ უნისონში, რაც ძალიან მახარებს.
ნინუცა როსტიაშვილი
