კახეთში, 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე დაკავებულ 35 წლამდე მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ ვერიკო ზათიაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა.
პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2023 წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა ძალადობრივი ქმედება განახორციელა საკუთარი მცირეწლოვანი, 2 წლის ასაკის შვილის მიმართ.
მცირეწლოვანმა მიიღო მძიმე დაზიანებები, რის გამოც ის გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. ბრალდების მხარე ითხოვდა პატიმრობას, რადგან მაღალი იყო იმის რისკი, რომ გაგრძელებულიყო დანაშაულებრივი საქმიანობა და მომხდარიყო მოწმეებზე ზემოქმედება. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია“. – აღნიშნა პროკურორმა შოთა სარიამ.
ბრალდებულის ადვოკატი გია ფარადაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო.
„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მოგეხსენებათ, სხდომა დახურული იყო. მივიღებთ სასამართლოს განჩინებას და გადავწყვეტთ, გავასაჩივროთ თუ არა გადაწყვეტილება. ჩვენ სასამართლოს გირაო შევთავაზეთ, მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მივანდეთ, თუმცა ჩვენი მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული“. – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.
არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ორი წლის ბავშვს, რომელიც 23 თებერვალს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში ბებიამ მიიყვანა.
ქალი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ მცირეწლოვნზე დედამ იძალადა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პოლიციამ მცირეწლოვნის მამა დააკავა, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
ფაქტზე გამოძიება 126 პრიმა მუხლით დაიწყო,რაც ოჯახის არასრულწლოვანი, წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს, თუმცა საქმის დეტალების შესწავლის შემდეგ, დაკავებულს ბრალი 11 პრიმა 117 -ე მუხლით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.