საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის განახლებაზე მუშაობს.
როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, ძალიან მალე საქართველოში ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორება გახდება ისეთივე უსაფრთხო, როგორც ახლა ეს არის მთავრობის ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში.
მისივე თქმით, ეს დამატებით მოიზიდავს ინვესტორებს ამ ბაზარზე.
”ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ გაზრდილ ინტერესს არარეზიდენტების მიერ ქართული ლარით დენომინირებული ობლიგაციების მიმართ. ასევე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარები იწყებენ საქართველოში მუშაობას. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ცნობილი ევროპული დეპოზიტარი შემოუერთდა საქართველოს, რაც ასევე ზრდის ინვესტორთა დაინტერესებას ამ ბაზრის მიმართ” – განუცხადა ”ფორტუნას” მესტვირიშვილმა.
მისივე განმარტებით, სებ-ი უკვე ფასიანი ქაღალდების რამდენიმე ძირითად დეპოზიტარს ფარავს, სამომავლოდ, კი დაინტერესება არის ორი დამატებითი დეპოზიტარისგან და ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ საქართველოში მალე ისინიც შემოვლენ.
”ჩვენ გვაქვს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, რომელიც კონცენტრირებულია ძირითადად, ობლიგაციების ბაზარზე. შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ძირითადი მიზანი სწორედ ამ ბაზრის განვითარებაა. ჩვენ დაახლოებით, ორი კვირის წინ გადავწყვიტეთ, რომ ობლიგაციების აღიარება მოხდეს როგორც მონეტარულ ოპერაციაში გამოყენებადი გირაო, თუ ამ ობლიგაციას ექნება შესაბამისი რეიტინგი” – განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.