გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში ვიგოს „სელტამ“ მიმდინარე ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. „სელტასთვის“ აღნიშნული შედეგი ისტორიულია, რადგან კატალონიურ გრანდს ვიგოელებთან 3 ბურთის სხვაობით წაგებული 1957 წლიდან მოყოლებული არ ჰქონდათ.
შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე ლამაზი დარტყმით ნოლიტომ გახსნა,ზუსტად ოთხ წუთში ხერარდ პიკეს უხეში შეცდომის შემდეგ, იაგო ასპასი ტერ შტეგენთან პირისპირ დარჩა, ესპანელმა ფორვარდმა „ბარსას“ კიპერს ბურთი თავზე გადაუგდო და ეფექტური გოლი გაიტანა.
მეორე ნახევარში „ბარსაც“ გააქტიურდა, თუმცა კატალონიელები გოლის გატანას ვერაფრით ახერხებდნენ. სამაგიეროდ 56-ე წუთზე იაგო ასპასმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახადა. სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა 80-ე წუთზე შეძლეს, მესის პასით ნეიმარმა შეაგდო. თუმცა „სელტა“ ამით არ დაკმაყოფილდა და 83-წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ჯონ გუიდეტმა საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.
შემდეგ ტურში „ბარსა“ შინ „ლას პალმას“ მიიღებს, „სელტა“ კი „ეიბარს“ ესტუმრება.