საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, სენაკის ტექნოპარკში, 20-21 სექტემბერს, ჰაკათონი Climate Hack გაიმართება.
ჰაკათონის მიზანია საქართველოს მასშტაბით გარემოს დაცვის სექტორში პრობლემების/გამოწვევების მოკვლევა, შემდეგ კი მათი გადაწყვეტის მიზნით ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.
Climate Hack 2025-ში მონაწილეობა შეუძლიათ გარემოს დაცვის დარგის სპეციალისტებს, ინოვაციურ მეწარმეებს, სტარტაპებს და სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით.
ჰაკათონის ფორმატი რამდენიმე ფაზად იყოფა და მოიცავს ონლაინ ტრენინგს, მონაწილეებისთვის დავალებების ონლაინ რეჟიმში მიცემას, თეორიულ ნაწილს მსოფლიოში არსებულ ინოვაციებზე გარემოს დაცვის სექტორში, მენტორინგ სესიებს, პროტოტიპირების პროცესს, Pitch Deck-ის მომზადებასა და დემო დღეს.
ჰაკათონი მიზნად ისახავს პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე მომუშავე ადამიანებთან და მათ შორის ახალი, საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტიმულირებას; კომერციალიზაციის მქონე ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნას; რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებში ინოვაციური აზროვნების, უნარების განვითარებას; რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემა გრანტი:
- საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 10 000 ლარი
- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან 6000 ლარი
- Shine Energy-სგან 5000 ლარი.
ჰაკათონზე რეგისტრაცია შესაძლებელია აქ.