სავარაუდო სექსუალური ძალადობის მხვერპლი არასრულწლოვანის ოჯახმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შიმშილობა დაიწყო. პროტესტის მიზეზი გურჯაანის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის შედეგად ბრალდებული 58 წლის მამაკაცს ჯერ გირაო შეეფარდა, შემდეგ კი გათავისუფლდა. ისინი სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან შეხვედრას და პირადად პრეზიდენტის პროცესში ჩართულობას ითხოვენ. ოჯახის წევრები აქციების გამართვასაც გეგმავენ და აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ არ დადგინდება სიმართლე თუ რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი.
ოჯახის წევრების განცხადებით, არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომ მამაკაცი დამნაშავეა, თუმცა სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა.
“პოლიციის დაწერილი ოქმით დაიჭირეს სოფლის პედოფილი და იყო 9 თვე ციხეში. თუკი დამნაშავე არ იყო, რატომ გააჩერეს 9 თვე და 9 თვის მერე რა საფუძველით, რა მიზეზით გამოუშვეს, ჩვენთვის გაუგებარია. ვაცხადებთ შიმშილობას, სანამ პრეზიდენტი ან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ვინმე არ გამოვა, არსად წასვლას არ ვაპირებთ”, – ამბობს დაზარალებულის ოჯახის წევრი.
შეგახსენებთ, შემთხვევა ლაგოდეხში მოხდა, ბრალდებული 9 თვე დაკავებული იყო, თუმცა შემდეგ იგი გურჯაანის სასამართლომ 13 მაისს უდანაშაულოდ სცნო. განაჩენის გამოცხადებას დაზარალებული მხარის პროტესტი მოჰყვა. არასრულწლოვანი ბავშვის ოჯახის წევრებმა სასამართლოს შენობაში შეღწევა რამდენჯერმე სცადეს. ისინი საქმის პროკურორთან და მოსამართლესთან შეხვედრას და მათგან განმარტებების გაკეთებას ითხოვდნენ.