სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და შემავიწროებელს და ასევე დამსაქმებელ შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ რეკომენდაციით მიმართა. აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველის აპარატს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა გამოუგზავნა.
ომბუდსმენმა შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მათ შორის, განმცხადებლის გამოკითხვის ოქმი, მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, ასევე მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია და მივიდა დასკვნამდე, რომ კოლეგის მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ არასასურველ, სექსუალური ხასიათის ვერბალურ ქცევას, რომელმაც დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა დასაქმებულს.
სახალხო დამცველის შეფასებით, დასაქმებულისათვის ტელეფონის ნომრის გამორთმევამ, სექსუალური შინაარსის შეურაცხმყოფელი შეტყობინების გაგზავნამ და სხვა თანამშრომელთან მისი ცხოვრების სექსუალურ ჭრილში დამამცირებელმა შეფასებამ განმცხადებელს მტრული გარემო შეუქმნა.
ომბუდსმენის აპარატი არ იზიარებს კომპანიის პოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები სექსუალური შევიწროების დასადგენად და მიიჩნევს, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო დასაქმებულის უფლებების ეფექტიანი დაცვა.