22 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ „ბოჯგუების ოჯახი“ სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „ლამაზი დღე“ და „მეგრული“ პრემიერა შედგა.
დღეს 2 ახალი სიმღერის პრემიერა გვაქვს, მაგრამ მანამე მინდა ვისაუბროთ თქვენს სიმღერებზე „ტაქსი“ და „ ქორწილი“, რომლებიც განსაკუთრებულად უყვარს მსმენელს. როგორ შეიქმნა ეს ნამუშევრები და რამდენად ხშირად გთხოვენ მათ შესრულებას სხვადასხვა ღონისძიებებზე?
თეიმურაზი: ქორწილში აუცილებლად ვმღერით ქორწილზე. ძალიან მოთხოვნადია „ტაქსიც“. ახლა გამოჩნდა კიდევ ერთი ძალიან ლამაზი მეგრულენოვანი სიმღერა, „მელუნა“, რომელმაც ძალიან ბევრი ნახვა დააგროვა. სწორედ ეს არის ის სიმღერები, რომელთაც ძალიან ხშირად ვმღერით. რაც შეეხება სიმღერის „ტაქსი“ შექმნის ისტორიას, მეგობართან ვიყავით ბათუმში სტუმრად, ვისხედით ლამაზ ადგილას, ნარდს ვთამაშობდით და ამ დროს „ტაქსიმ“ რამდენიმე ჩვენი შეკრების წევრი მოიყვანა. როდესაც კარგ სიტუაციაში ხვდები, რაღაც ასოციაციები გიჩნდება, ყოველთვის რაღაც კარგი იბადება. შემდეგ გზაში „ო, ალო, ალო, ტაქსი“ რაღაც ასეთი მელოდია მომივიდა გონებაში. როდესაც თბილისში ჩამოვედი, ჩემს ძმისშვილს, ქეთევან ბოჯგუას ვთხოვე ტექსტის დაწერაში დახმარება. სადაც არ უნდა ვასრულებდეთ ამ სიმღერას, ყოველთვის ტაქსისტებს ვუძღვნით.
ძალიან ადვილად დასამახსოვრებელი და განსხვავებული ტექსტები აქვს თქვენს სიმღერებს. თავად წერთ ტექსტებს თუ ვინმესთან თანამშრომლობთ?
თეიმურაზი: ვისაც არ უნდა მიმართო ტექსტის დასაწერად, იდეა აუცილებლად შენ უნდა მიაწოდო. თუ რაიმე მთავარ ფრაზებსაც მიაწოდებ, საერთოდ იდეალური იქნება. სწორედ ასე იქმნება ჩვენი სიმღერები. მადლობა უფალს, რომ კოსმოსიდან ლამაზი მელოდიები მოდის და მუსიკას თავად ვწერ. ვთანამშრომლობ რამდენიმე პოეტთან და როდესაც უკვე მზად მაქვს მუსიკა, მათ ვურეკავ. თანდათან კიდევ ჩნდებიან ახალი ავტორებიც. მიხარია, რომ ნიკოც და ვასოც რაღაც საუცხოო სიმღერებს და მუსიკას წერენ. ნიკო ელექტრონულ მუსიკას წერს, ვასო უფრო ახალგაზრდულ, თანამედროვე მუსიკას. წერენ არა მხოლოდ ქართულად, არამედ ინგლისურად.
როგორ შეიქმნა სიმღერა „ლამაზი დღე“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?
თეიმურაზი: სიმღერა „ლამაზი დღე“ ქეთევან ბერიაშვილს ეკუთვნის, მასთან ერთად დავწერეთ ეს ნამუშევარი. სიმღერის მუსიკალური პროდიუსერი ზაზა ხუბუკელაშვილი გახლავთ. ქეთევანისგან კიდევ ერთ ტექსტს ველით, მელოდია უკვე გადაგზავნილი გვაქვს და იმედია ამ ნამუშევარსაც მალე გავაჟღერებთ.
ვისაუბროთ სიმღერაზე „მეგრული“. ვის ეკუთვნის ეს ნამუშევარი?
თეიმურაზი: ტექსტის ავტორი ჩვენი საყვარელი მეგობარი, გია ადამია გახლავთ. იდეა, როგორც ყოველთვის, მე მივაწოდე. მე და გიას ერთად ძალიან ბევრი სიმღერა გვაქვს გაკეთებული, მათ შორის, ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორიცაა „მელუნა“ და „ქორწილი“. სიმღერის მუსიკალური პროდიუსერი კვლავ ზაზა ხუბუკელაშვილი გახლავთ. სიმღერა სიყვარულზე და მეგობრობაზეა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
თეიმურაზი: სექტემბერში ისევ დავბრუნდებით საქართველოში და ორ ლამაზ სიმღერას ჩამოგიტანთ. შემდეგ წავალთ ჩეხეთში, სადაც 12-დან 16 სექტემბრამდე ფესტივალი „სულიკო“ ტარდება. უკვე რამდენიმე წელია, რაც ეს ფესტივალი ტარდება და მას ასმათი შანავა ატარებს. მას 150 ბავშვი მიჰყავს საქართველოდან. ფესტივალზე არიან მოცეკვავეებიც და მომღერლებიც, ტარდება სიმბოლური კონკურსები, რომ ერთგვარი სტიმული იყოს ბავშვებისთვის. ჩვენი 30 წლის იუბილესთან დაკავშირებითაც გვინდა ღონისძიების გამართვა და გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები. იმედია, ყველა გვერდში ამოგვიდგება, რადგან ჩვენ ყოველთვის ყველას ვუდგავართ გვერდში და ჰონორარს არ ვანიჭებთ მნიშვნელობას.
ბოჯგუების ოჯახი – ლამაზი დღე
ბოჯგუების ოჯახი – მეგრული
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ბოჯგუების ოჯახი – ავადა ვარ ავადა. Live
ბოჯგუების ოჯახი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი