რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ აშშ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ლიკვიდაციით იმუქრება.
აღნიშნულის შესახებ ლავროვმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან „ТАСС“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, კრემლზე გამანადგურებელი დარტყმის მიტანის შესახებ პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებები ვლადიმირ პუტინის ფიზიკური განადგურების საფრთხეზე მიუთითებს.
„თუ ასეთი იდეები ვინმეს თავში მოსდის, ეს ვიღაც კარგად უნდა დაფიქრდეს ამის შედეგებზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეერთებული შტატები და მისი NATO-ელი მოკავშირეები ცდილობენ, რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე მოიპოვონ, რათა მათი ქვეყანა გაანადგურონ.
„კოლექტიური დასავლეთისა და მათი მარიონეტის, ზელენსკის ქმედებები ადასტურებს უკრაინის კრიზისის გლობალურ ხასიათს. საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ისა და მისი NATO-ელი მოკავშირეების სტრატეგიული მიზანია რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება ბრძოლის ველზე, როგორც ჩვენი ქვეყნის დასუსტების ან უფრო მეტი, განადგურების მექანიზმი. ჩვენი ოპონენტები ყველაფერს გააკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად“. – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, „ცხელი კონფლიქტის“ ბენეფიციარი არის შეერთებული შტატები, რომელიც ცდილობს არსებული სიტუაციიდან მაქსიმუმის მიღებას როგორც ეკონომიკურად, ისე სტრატეგიულად.
