წამოსაწოლი ტაქსები 23 წლის ახალგაზრდამ მიხეილ ბიბილურმა, რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანა. თბილისში, პუფებით აღჭურვილი “ოპელის” მარკის ავტომობილი უკვე ერთი თვეა მოძრაობს.
როგორც მიხეილ ბიბილურმა “ფორტუნასთან” განაცხადა, მათთან სტანდარტული ტაქსის ფასებს ემატება ადგილზე მისვლის მიზერული თანხა, შეკვეთებს კი, როგორც დედაქალაქში, ასევე ქალაქიდან რეგიონების მიმართულებით იღებს.
მიხეილს ტაქსის უკანა ნაწილში პუფები აქვს განლაგებული, გარდა ამისა, ტაქსიში არის მუსიკალური სისტემა. მგზავრს აქვს შესაძლებლობა ბლუთუზის მეშვეობით დაუკავშირდეს სტერეო სისტემას და მისთვის სასურველი სიმღერები ჩართოს. ტაქსიში განთავსებულია ასევე, ტელეფონის დამტენები.
მიხეილ ბიბილურმა ტაქსის ფერზე წინასწარ იზრუნა, სავალდებულო ტექდათვალიერებაც გაიარა და ლიცენზიაც უკვე აიღო.
“ტაქსიში 4 პუფია განლაგებული. რაც შეეხება ფართობს, სამი ადამიანის წამოწოლა თავისუფლადაა შესაძლებელი. მგზავრები, რომლებსაც ქუჩაში გავუჩერებივარ, უცებ აღმოჩნდებიან წამოსაწოლ ტაქსიში,” – გვიყვება მიხეილ ბიბილური და აღნიშნავს, რომ თუ მისმა წამოწყებამ გაამართლა, ბიზნესის გაფართოებას აპირებს.
შეგახსენებთ, წამოსაწოლი ტაქსების იდეა პოპულარულია სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან”. სერიალის პერსონაჟმა მიხეილ დარჩიამ, ამ წამოწყებით საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია.
თამთა უთურგაშვილი