14 წლის განმავლობაში, TAV-მა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 220 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, – ამის შესახებ TAV Holding-ის პრეზიდენტი სანი შენერი აცხადებს. როგორც ის ამბობს, პანდემიის პირობებში, როდესაც მთლიანი ინდუსტრია კრიზისშია, კომპანიამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება განახორციელა და მისი გამტარუნარიანობა გააორმაგა.
„დღეს ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დავასრულეთ ბათუმის აეროპორტის გაფართოება პანდემიის პირობებში. რომელმაც მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ავიაციის სფეროზე. მას შემდეგ რაც ჩვენმა კომპანიამ გადაიბარა აეროპორტის ოპერირება, მთავრობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ მისი წლიური მგზავრთნაკადის რაოდენობა 2007 წლიდან 2019 წლამდე 40 000-დან 600 000-მდე გავზარდეთ. იმავე პერიოდში იმ ავიაკომპანიების რიცხვი, რომლებიც ბათუმის აეროპორტში ასრულებდნენ რეისებს, 5-დან 30-მდე გაიზარდა. გასული 14 წლის მანძილზე ჩვენს მიერ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში განხორციელებულმა ინვესტიციამ 220 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმისკენ, რომ საქართველო რეგიონში უდიდეს ჰაბად ექცია”, – განაცხადა TAV Holding-ის პრეზიდენტმა სანი შენერმა.
განახლებული აეროპორტი დღეიდან წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. COVID-19-ის პანდემიის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად TAV Georgia-მ სამშენებლო სამუშაოები არ გააჩერა და მეტიც, საინვესტიციო თანხა 14-დან 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა. როგორც TAV Georgia-ში აცხადებენ, აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2019 წელს 600 000 გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.
პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალი შენობა, როგორც მოფრენის ისე გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2 დან 8000 მ2-მდე გაიზრდა. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეერული სისტემა და დამონტაჟდება დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14 მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები მოფრენაში 6 დან 12 მდე, გაფრენაში კი 6 დან 8 მდე გაიზრდა. გაფრენის ზონაში დაემატა 2 ავტობუსის გასასვლელი, ჯამში მგზავრები 6 ავტობუსის გასასვლელით ისარგებლებენ. ასევე გაფართოვდა დუტი ფრის ზონა, ბიზნეს ლაიუნჯი და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარებით აღჭურვილი კვების ობიექტები.
ცნობისათვის, TAV Georgia TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა და მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.