LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ერთადერთმა ქართველმა სტუდენტმა ერთდროულად ორი – კერძო და სახელმწიფო სტიპენდიები მოიპოვა

1215
გვანცა ხოხაშვილი

ცოტა ხნის წინ, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, კორეის საქველმოქმედო ორგანიზაციის „Global Elim Foundation“ სტიპენდიატების დაჯილდოების ყოველწლიური საზეიმო ცერემონია გაიმართა. წლევანდელ 25 უცხოელ სტიპენდიატს შორის, ვისაც 2025 წლის შემოდგომა-გაზაფხულის სასწავლო სემესტრების სტიპენდია მიენიჭა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარდგენით და ხელშეწყობით, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის (SNU) ქართველი სტუდენტიცაა. აღსანიშნავია, რომ გვანცა ხოხაშვილი პირველი ქართველია, ვინც ამ ტიპის დაფინანსება მიიღო.

– გვანცა, უპირველესად, მოგვიყევი, რატომ გაგიჩნდა კორეული ენის და შემდეგ სეულში სწავლის სურვილი?

– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას, თავდაპირველად, ესთეტიკური მედიცინით ვიყავი დაინტერესებული და მქონდა სურვილი, პლასტიკური ქირურგია სწორედ სამხრეთ კორეაში შემესწავლა. ამისთვის დავიწყე კორეული ენის სწავლა, თამთა აბულაძის ხელმძღვანელობით, ენების ცენტრში „Millennium Gate“. შემდეგ დაიწყო კოვიდ პანდემია და კოვიდპაციენტებთან მომიწია კლინიკაში მუშაობა, რამაც გარკვეული გარდატეხა მოახდინა ჩემში. რაც უფრო ვაკვირდებოდი რეალობას, უფრო და უფრო ვაცნობიერებდი, რამდენად რთულია დაავადების მკურნალობა, პრევენცია კი – მარტივი. სწორედ ამ დროს შემთხვევით ვიპოვე კორეელი პროფესორის კვლევა, რომელიც ნაყოფის ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკსა და დედის მიერ ორსულობისას მიღებულ ცილას შორის კავშირს იკვლევდა. ამან ჩემზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ნელ-ნელა ჩემი ინტერესები ნუტრიციოლოგიისკენ გადაიხარა, რადგან სწორად კვება მიმაჩნია დაავადებების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად და გადაწყვიტე, სწორედ ამ მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ნუტრიციოლოგიის ფაკულტეტი, ეს სფერო ჩვენთან ჯერ კიდევ ნაკლებადაა განვითარებული. მინდა, საკმარისი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვო იმისთვის, რომ საქართველოში ნუტრიციოლოგიის განვითარებას შევუწყო ხელი.

– რა გზა გაიარე სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში მოხვედრამდე?

– მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ფაკულტეტზე ინგლისურენოვანი სწავლებაცაა, ლექციები და გამოცდები კორეულად ტარდება. როცა გავაცნობიერე, რომ საქართველოში ნასწავლი კორეული საკმარისი არ იქნებოდა მაგისტრატურის საფეხურის კორეულად გასავლელად, ენის მაღალ დონეზე სწავლა დამჭირდა, თანაც მოკლე დროში. ამიტომ სეულში ჩამოსვლისას ჯერ ენის კურსი გავიარე, დაახლოებით, ორი წელი ვისწავლე Advanced level-ის ჩათვლით, რომელიც კვლევის კორეულად წერაზე იყო აქცენტირებული. მხოლოდ ამის შემდეგ მოვახერხე მაგისტრატურაზე ჩაბარება.

– რას შეისწავლი ამჟამად?

– ამჟამად ცოდნას ეპიგენეტიკის მიმართულებით ვიღრმავებ. ეპიგენეტიკა, როგორც სფერო, სწავლობს გარემოს, მათ შორის საკვების გავლენას ჩვენს გენეტიკაზე. კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია გენების რეგულაციაში. სამწუხაროდ, საქართველოში კვების კულტურის გენეტიკურ გავლენებზე, პრაქტიკულად, არანაირი მეცნიერული კვლევა არ არსებობს. ქართული ტრადიციული საკვები, რომელიც ცხიმებითა და ნახშირწყლებითაა მდიდარი, შეიძლება პოტენციურად მოქმედებდეს მეტაბოლურ დარღვევებთან დაკავშირებულ გენებზე. ჩემი კვლევის მიზანი სწორედ ასეთი კვებითი ჩვევების და გენეტიკური პასუხის ურთიერთკავშირის გამოვლენაა, რათა მომავალში შესაძლებელი იყოს უფრო მიზანმიმართული პრევენცია და მკურნალობა.

– დაწვრილებით მოგვიყევი მოპოვებული სტიპენდიების შესახებ.

– უპირველესად, აღვნიშნავ, რომ სეულის ეროვნული უნივერსიტეტი კორეის საუკეთესო უნივერსიტეტია. ჯერჯერობით მისი ერთადერთი ქართველი სტუდენტი ვარ, თუმცა ამჟამად რამდენიმე ქართველი გოგონა ენის კურსებზე სწავლობს და იმედი მაქვს, რომ ისინიც მალე ჩააბარებენ სასურველ ფაკულტეტებზე. რაც შეეხება სტიპენდიებს, ორი სხვადასხვა სტიპენდიის მიმღები ვარ. პირველი გახლავთ Global Elim Foundation Scholarship, რომელიც კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს რეკომენდაციის საფუძველზე მომენიჭა. ეს კერძო სექტორის დაფინანსებაა და მე პირველი ქართველი ვარ, ვინც ის მიიღო. მინდა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ ქართველს მიეცეს ამ დაფინანსების მიღების საშუალება. მეორე სტიპენდია კი სახელმწიფოა – BK21 (Brain Korea 21). ეს პროგრამა იმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, ვინც სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა და მიზნად ისახავს გამორჩეული მეცნიერების აღზრდას. ჩემთვის ეს სტიპენდიები კიდევ უფრო დიდი სტიმულის მომცემია, რომ მიზნებისკენ უფრო დიდი შემართებით წავიდე. როცა ხედავ, სრულიად უცხო ქვეყანა მზადაა დაგეხმაროს სწავლაში მხოლოდ იმიტომ, რომ მონდომებული ხარ (და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ხარ), შეუძლებელია მაქსიმუმი არ ჩადო ამ ყველაფერში.

– სწავლების სპეციფიკასაც შევეხოთ. რა პრიორიტეტებია კორეული განათლების სისტემაში?

– სხვა ფაკულტეტების სპეციფიკაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემს ფაკულტეტზე მთავარი პრიორიტეტი კვლევის წახალისებაა. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა მისი სახელით გამოაქვეყნონ ხარისხიანი კვლევები, რისთვისაც მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოს ქმნიან, რათა შენი კვლევა წარმატებული იყოს. სწორედ ეს მგონია კორეაში სწავლის ყველაზე დიდი უპირატესობა – დაფინანსება და სტიპენდიები. არსებობს მრავალი სახელმწიფო სტიპენდია, უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება, TA/RA პოზიციები, სადაც ასევე ანაზღაურებას გაძლევენ. დაფინანსების დიდი ნაწილი, როგორც წესი, დაკავშირებულია პროფესორის ლაბორატორიის ბიუჯეტთან ან კვლევით გრანტებთან, მაგრამ მათი მიღება ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია წარმომავლობის მიუხედავად. გარდა ამისა, კორეული განათლების სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დეტალებს. სასწავლებლები მხოლოდ დავალებების მიცემით არ შემოიფარგლებიან, მათ ურჩევნიათ, მოგცენ პერსონალური სივრცე და დრო, რათა შენთვის ეფექტური და ინდივიდუალურად მორგებული რეჟიმით შეძლო მუშაობა. არ გზღუდავენ მასალის გამოყენებაში, პირიქით, მათთვის მთავარია სწორად და ღრმად გაიაზრო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან. აქცენტი კეთდება ახალი ცოდნის ანალიზისა და გააზრების უნარების განვითარებაზე და არა კონკრეტულად რომელიმე წიგნის გარჩევა/დაზეპირებაზე.

– იმ გამოწვევებზეც ვისაუბროთ, რომლებიც სეულში დაგხვდა სხვა ეროვნების, სხვა კულტურისა და მენტალობის მქონე ახალგაზრდას. რამდენად მარტივად გამონახე ენა ადგილობრივებთან? რა მხრივ არის შენთვის მათი ყოფა საინტერესო ან სამაგალითო?

– კორეელებთან საერთო ენის გამონახვა რთული არ არის. პირიქით, ისინი ხშირად იჩენენ ინტერესს უცხოელების, განსაკუთრებით კავკასიური გარეგნობის მქონე ადამიანების მიმართ. ამასთან, ისინი საქართველოს „იაფ შვეიცარიას“ უწოდებენ. ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი კორეელი ჩამოდის საქართველოში, საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით. რაც ყველაზე მეტად მახარებს არის ის, რომ საქართველოს ბუნებით და ღვინით იცნობენ. უმეტესობამ იცის, რომ ღვინის სამშობლო ვართ. სეულში ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, ალბათ, ჰაერი და წყალია. საკმაოდ რთულია ასეთ მტვრიან ჰაერთან შეგუება. რაც შეეხება იმას, რაც ჩემთვის სამაგალითოა, ეს, უპირველესად, წესრიგის სიყვარულია. მაგალითად, ესკალატორზე თუ მარჯვენა მხარეს დგახარ, ნიშნავს, რომ არ მოძრაობ, ხოლო მარცხენა მხარე განკუთვნილია მათთვის, ვინც ჩქარობს. ავტობუსის გაჩერებაზე ყველანი ერთ ხაზში დგანან, არავინ ცდილობს წინ გაძვრეს ან რიგი დაარღვიოს. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა – არსებობს უპერსონალო მაღაზიები, სადაც შენი ბარათი რომ დაგრჩეს, არავინ შეეხება. ასევე, აქ შეგიძლია საზოგადოებრივ ადგილებში, კაფეში, რესტორანში, კინოთეატრში ლეპტოპი, საფულე ან ტელეფონი უპრობლემოდ დატოვო და მშვიდად იყო, მათ არავინ შეეხება. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომფორტი, რაც აქ ცხოვრებას ახლავს თან.

magti 5g