შპს „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს – აღნიშნული ინფორმაცია „ფორტუნას“ პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ცნობით, გიორგი მურუსიძე იტალიაში დააკავეს.
შეგახსენებთ, გიორგი მურუსიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ცნობისათვის, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს, სისხლისსამართლებრივი დევნა კი დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.
პროკურატურის ცნობით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 244 მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
