საქართველოში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გუშინ მთავრობის სხდომაზე გუშინ, 4 თებერვალს ისაუბრა. პრემიერის თქმით, შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
ქვეყანაში სარესტორნო ბიზნესი კოვიდპანდემიის ფონზე, ფაქტობრივად, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორია.
რესტორატორები რესტორნების გახსნას დიდი ხანია ითხოვენ, რა თქმა უნდა, გარკვეული რეგულაციების მკაცრი დაცვით.
მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროვებამდე ისინი 6 თებერვალს თვითნებურად გახსნასას აანონსებდნენ.
თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, გადაწყდა, რომ რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნებიან. ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “ბიზნესკურიერი” “რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პრემიერის გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა რესტორატორები შემდგომ ნაბიჯებს ელიან.
“ეს რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯია. უფსკრულის ამოვსება, რომელიც წარმოშობილი იყო ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის გარკვეულწილად დაიწყო. საკუთრივ სფეროსთვის ვერ ვიტყოდი, რომ ეს ნაბიჯი რაიმე იმპულსის მიმცემი ან უაღრესად დადებითია, ეს არის ერთ-ერთი დამატებითი შესაძლებლობა და სამწუხაროდ, ეს ვერ შეეხება ყველა რესტორანს, იქიდან გამომდიანრე, რომ ყველას არ აქვს ღია სივრცე.
თუმცა ბევრი ადამიანი შეძლებს დაუბრუნდეს სამუშაოს. ტრანსპორტის ამოქმედებაც დადებით იმპულსს შეიტანს და მცირედით ამოქმედდება სფერო.
შაბათს აქციას არ ჩავატარებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს აქცია გაუქმებულია, ეს ნიშნავს, რომ აქცია არის გადადებული, ველოდებით მთავრობის მხრიდან დანარჩენი ნაბიჯების გადადგმას. იქიდან გამომდინარე, რომ 15-ში ვიხსნებით ეს სფეროს მხოლოდ გარკვეული ნაწილისთვის არის შესაძლებლობების მიცემა.”-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ “ბიზნესკურიერის” ეთერში.