LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკო ჭეიშვილი: მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა სამწუხაროდ, მუსიკალური განათლება არ მაქვს… განათლება რომ მიმეღო, ბევრად კარგ რაღაცებს გავაკეთებდი

86
შაკო-ჭეიშვილი

20 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ შაკო ჭეიშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის მუსიკალურ და სამსახიობო კარიერაზე ისაუბრა და მსმენელს სიმღერა „ცისფერი ოცნება“ წარუდგინა.

შაკო, რა ასაკიდან მღერით და მუსიკალური განათლება თუ გაქვთ?

ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა ჩემდა სამწუხაროდ, მუსიკალური განათლება არ მაქვს. განათლება რომ მიმეღო, ბევრად კარგ რაღაცებს გავაკეთებდი. მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი, მარინა ვაჩნაძე ანსამბლ „ციცინათელას“ მთავარი სოლისტი იყო. მართლა 2 წლიდან ვმღერი.

თუ გახსოვთ თქვენი პირველი სიმღერა?

„დილით რად გიყვარს ტოროლავ სტვენა“, დილიდან ვიწყებდი და გავკიოდი ხოლმე (იცინის). მაღალი ხმა მქონდა და დედაჩემი გიჟს ჰგავდა ხოლმე, ბავშვს რამხელა ხმა აქვსო.

9 წლის ვიყავი, როცა სარაიონო გამოსვლაზე წამიყვანეს სკოლიდან და მოვიგე. მერე, კობა კალანდაძემ ამიყვანა „ბიგ ბენდში“. უკვე 15 წლის ვიყავი, როცა ბუთხუზ ბასილაიამ მომისმინა და „ივერიაში“ ავყავდი, ოღონდ დედას უთხრა, ძალიან მაღალი და განსაკუთრებული ხმა აქვს და ცოტა ხანი არ იმღეროს, რადგან გარდამავალი ასაკი აქვს და არ გაუფუჭდესო. არ გავითვალისწინე, გავიფუჭე ხმა, დაბალი ხმა, უფრო ბარიტონი გამიხდა. მერე, შევედი „თეატრალურში“, სამსახიობოში.

შემდეგ მოხდა ისე, რომ მე და ლიზა ბაგრატიონმა, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია, დუეტები ჩავწერეთ.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ყველაფერი, რაც მაჩუქე, ჩემია“, რომლის ავტორიც ლილიკო ნემსაძეა. როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

ლილიკო ჩემი მეგობარია. „სანო სტუდიაში“ შევხვდით, რაღაც სიმღერას ვწერდი და მაშინ მითხრა, მინდა, რომ ერთი სიმღერა გაჩუქოო, რადგან სულ არ მღერი და მინდა, რომ იმღეროო. პირადად ჩემთვის შეიქმნა ეს სიმღერა და ძალიან დიდი მადლობა მას. არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის. ბექვოკალებს მე და ალეკო ბერძენიშვილი ერთად ვმღერით. 10-11 წლის წინ არის ჩაწერილი.

მთლიანობაში რამდენი სტუდიური სიმღერა გაქვთ?

ადრე, ახალგაზრდობაში ბევრი მქონდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ რამდენიმე სიმღერა დავკარგე. დაიწვა ეს დისკები და მერე ვეღარ მოვიძიეთ, 7-8 ან მეტი სიმღერა იყო. მერე თავიდან მომიწია რაღაცების გაკეთება.

„ჩემი ცოლის დაქალებსაც“ შევეხოთ…

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ერთი სეზონი ვთამაშობდი, პაპუნა ამილახვარი ვიყავი, ცოტნეს კოალიციაში. ამით დავუბრუნდი ჩემს სამსახიობო კარიერას.

ამ ეტაპზე თუ ხართ დაკავებული სამსახიობო პროფესიით?

ახლახან ლუკა ბერაძემ გადამიღო ფილმში, მანამდე თორნიკე ბზიავამ. ახლა სერიალში „სიყვარულს მიღმა“ გადამიღეს, ექიმის როლი ვითამაშე.

როგორია სამომავლო გეგმები?

ვაკეთებ ახალ სიმღერას, რომელსაც ადრე ბესო კალანდაძე მღეროდა, თუმცა ჯერ არ მინდა მისი დასახელება. მყავდა დაიკო, ნანიკო, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდი იყო, რომლის გულისთვისაც მე ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საქველმოქმედო საღამო ჩავატარე, მაგრამ საუბედუროდ, შარშან გარდაიცვალა, ვეღარ ვუშველეთ. მას ძალიან უყვარდა ეს სიმღერა და მინდა გავაკეთო და ჩემს ნანიკოს მივუძღვნა. გიგა კუხიანიძის სტუდიაში ვაკეთებთ ამ სიმღერას და ალბათ, ერთ თვეში მზად იქნება.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ცისფერი ოცნება“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს არის დათო ევგენიძის ულამაზესი სიმღერა. გააკეთა ზურიკო მახნიაშვილმა, თვითონვე უკრავს საქსოფონზე. რადიოში ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა სატელევიზიო პრემიერა უკვე იყო.

 

შაკო ჭეიშვილი – ცისფერი ოცნება

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

შაკო ჭეიშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები