LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარების და ინოვაციების გზა… პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღეს ყველაზე დიდი ინოვაციაა“

118
შალვა პაპუაშვილი

„საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, „პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა“.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო დაძაბულობითა და არასტაბილურობით ცნობილ რეგიონს მიეკუთვნება და მშვიდობის მიღწევის მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა.

გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არასტაბილურობისგან დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებაა და ამ მიმართულებით წინსვლისთვის ბევრი ნაბიჯი გადავდგით.

სამწუხაროდ, დღესდღეობით მშვიდობის მიღწევის გზაზე არსებული საფრთხეები მოიცავს არა მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს, არამედ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც ერების სუვერენიტეტის უპატივცემულობისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევიდან მომდინარეობს.

საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ხანგრძლივი მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას. მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.

პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზაობას, ვითანამშრომლოთ თითოეულ თქვენგანთან ყველა იმ ინიციატივაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია საერთო და დაფასებული რეალობაა“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g