პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „მთავარი არხის” ჟურნალისტებისა და პროდიუსერის სავარაუდო საუბრის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უკანონო მიყურადებაზე შესაძლოა ეჭვები არსებობდეს და ამაზე პროცედურებს შესაბამისი ორგანო დაიწყებს, თუ მონაცემებს სანდოდ ჩათვლის.
კითხვაზე, არის თუ არა გამოძიების დაწყების აუცილებლობა, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პაპუაშვილი ამბობს, რომ „მან, ვისი კომპეტენციაცაა, უნდა განსაზღვროს რამდენადაა ამის საფუძველი“.
„სიმართლე გითხრათ, ვერც შინაარსი, ვერც ფორმა ვერ მივხვდი, რა იყო. არც შინაარსი იყო, არც ფორმა. [უკანონო მიყურადებაზე] ეჭვები შეიძლება არსებობდეს და ამისთვის შესაბამისი ორგანო, პროკურატურა არსებობს, რომელიც იმის მიხედვით, რამდენად სანდოდ ჩათვლის ამ მონაცემებს, დაიწყებს შესაბამის პროცედურებს. მე ვერც შინაარსიდან და ვერც ფორმიდან, ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.