ეს არის თავზეხელგადასმული ოპოზიციის ქცევა – გააგიჟეს ადამიანი, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია, ჩამოდიოდა იმისთვის, რომ შეხვედროდა ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც, ყველას, ვისაც მასთან შეხვედრის სურვილი ექნებოდა და ადამიანი გააგიჟეს უბრალოდ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა უთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას თბილისში ვიზიტის გადადებაზე.
„გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი გადავდო“ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლებას საქმე აქვს არაადეკვატური რადიკალების ჯგუფთან.
„საერთო ჯამში, რაღაც კარგიც უნდა დავინახოთ ამ ყველაფერში. თავად ეუთო-ს (OSCE) საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმაც დაინახა, თუ რა სამარცხვინო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე საქართველოში, აი, ეს არის! გახსოვთ, პირველად, სიტყვა პოლარიზაცია რომ ახსენა ზოგიერთმა უცხოელმა და ხელისუფლებას მოგვიწოდებდა დეპოლარიზაციისკენ – აი, უცხოელების მხარდაჭერილი, ხელშეწყობილი, თავზეხელგადასმული ოპოზიციის ქცევა რა არის, გააგიჟეს ადამიანი. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია, ჩამოდიოდა იმისთვის, რომ შეხვედროდა ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც, ყველას, ვისაც მასთან შეხვედრის სურვილი ექნებოდა და ადამიანი გააგიჟეს უბრალოდ. არ ვიცი, ასეთ ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ ამაზე რომ ვსაუბრობდით ხოლმე, ზოგი ამას არ იჯერებდა და ანუ მაინც დიალოგი და ა.შ. შეხედეს, რომ არის აბსოლუტურად ექსტრემისტების ჯგუფი, ჩვეულებრივი, პოლიტიკური რადიკალები და ექსტრემისტები, რომლებიც აბსოლუტურად ყველას გადაუვლიან. მანამდე, ლამის რუსად გამოაცხადეს ქალბატონი პია და როგორც კი მან თქვა, რომ კარგი, არ ჩამოვდივარო, შემდეგ ტაში დაუკრეს. არაადეკვატური რადიკალების ჯგუფთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან უპასუხა შეკითხვას, პია კაუმას ჩამოსვლა იქნებოდა თუ არა ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარება.
„მე მგონი, გარდა ვიზუალისა, ცოტა კითხვაზეც თუ გადავა ოპოზიცია კარგი იქნებოდა. ქალბატონი პია კაუმოას წერილსაც თუ ჩაიკითხავს, სადაც ის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან საუბარს ახსენებს, პარლამენტთან თანამშრომლობას ახსენებს. უბრალოდ,სასაცილო, საბავშვო ბაღი აქვთ მოწყობილი ოპოზიციას და მათ მფარველ უცხოელებს, აი, რა დონესთან გვაქვს საერთოდ საუბარი და საერთო ჯამში, რა ბატონ-ყმური დამოკიდებულება აქვს ამ ოპოზიციას, რომ ქართველი ხალხისგან კი არ უნდა ლეგიტიმაცია, ქართველ ხალხთან საარჩევნო კამპანიაც კი არ ჩაუტარებია, მათ ლეგიტიმაცია უნდათ რომელიღაცა უცხოელი პოლიტიკოსისგან, თუ პოლიტიკური ჯგუფისგან. ეს არის სამწუხარო. სამწუხარო რა, კარგია, რომ ეს რეალობაა. ამ არჩევნებმა დაგვანახა, საბოლოო ჯამში, ვისთან გვაქვს საქმე.
რაც შეეხება იმ ხალხს, გერმანელ, ფრანგ დეპუტატებს, რომლებიც აქ წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული, მიხაილ როთის ლეგიტიმაცია რომ არ ექნება ქართველ ხალხს, გასაგებია. ის და ქართველი ხალხი ვართ სხვადასხვა. ადამიანი ჩამოვიდა და ქართულ ეკლესიას დაუწყო ლანძღვა, მისგან რას უნდა მოველოდეთ, საერთოდ? ან რასა იუკნევიჩიანესგან რას უნდა მოველოდეთ, რომელიც უბრალოდ ორგანულად ვერ იტანს ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ თბილისში დაგეგმილი ვიზიტის გადადების შესახებ პლატფორმა X-ზე დაწერა.
„დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება.
ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – დაწერა პია კაუმა.