შალვა პაპუაშვილი თელავში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანის ლიკვიდაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება.
„თელავში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანის ლიკვიდაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება კიდეც. ასეთი მასშტაბის სტიქია რეგიონს ბოლოს ნახევარი საუკუნის წინ დაატყდა თავს. ამჯერად, გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა თავისი შედეგი გვაჩვენა. თელავისხევზე მოწყობილმა სამმა კასკადურმა ბეტონის ღვარცოფდამჭერმა, რომლებიც ბოლოს 2022 წელს გაიწმინდა, სტიქიის მთავარი დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო – სრულად შეაკავა ღვარცოფის მიერ ჩამოტანილი ხეები და მორები, ქვა-ღორღის უდიდესი ნაწილი, რამაც ქალაქი გაცილებით მძიმე შედეგს გადაარჩინა.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, ვინც პირველივე წუთებიდანვე ჩაერთო სტიქიის შედეგის აღმოფხვრაში – შესაბამის სამინისტროებს, საგანგებო სამსახურებს, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და მათ თითოეულ თანამშრომელს. უწყებათა კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ძირითად გაწმენდით სამუშაოს ერთი დღე დასჭირდა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა აღდგა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კახელების ერთსულოვნება. გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციები სრული შემადგენლობით დადგნენ თელაველების გვერდით და დღესაც ერთად აგრძელებენ სტიქიის შედეგთან ბრძოლას. სწორედ ასეთ დროს ჩანს, რომ სოლიდარობა მხოლოდ სიტყვა არ არის – ის მოქმედებაა. არ შემიძლია გამორჩეულად არ აღვნიშნო პარლამენტში თელავის დელეგატის, ირაკლი ქადაგიშვილის, ასევე თელაველი დეპუტატების – გელა სამხარაულისა და ლევან მახაშვილის აქტიური ჩართულობა. ასეთ დროს კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად ნაჩქარევი იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. სწორედ დელეგატები არიან ის ხიდი, რომლის მეშვეობითაც პარლამენტი თითოეული რეგიონის ყოველდღიურ საჭიროებებს თვალყურს ადევნებს და ხალხის ხმას უსმენს.
ცალკე მადლობას ვუხდით ვარლამ ლიპარტელიანსა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს, რომლებიც მოხალისეობრივად ჩაერთნენ სტიქიისგან დაზარალებული თელავის მოწესრიგებაში.
სტიქიის დროს ყველაზე კარგად ჩანს სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც. როდესაც პრევენცია, კოორდინაცია და მოქალაქეთა სოლიდარობა ერთად მოქმედებს, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად დაიძლევა. თელაველებს კი ვპირდებით, რომ ამ სტიქიიდან თელავი ინფრასტრუქტურულად კიდევ უფრო გამართული და გალამაზებული გამოვა“, – წერს პაპუაშვილი.
